„საპარტნიორო ფონდისა“ და „ჰუმანითი ჯორჯიას“ ურთიერთობაში კითხვები კვლავ რჩება

Print this pagePrint this pageSend

 

გასული წლის 17 დეკემბერს გადაცემა „ბიზნესკურიერში“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სს „საპარტნიორო ფონდი’’ სს „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას აღარ აფინანსებს. საგულისხმოა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ჰუმანითი ჯორჯიას’’ საეჭვო წარმომავლობის შესახებ და მისი და „საპარტნიორო ფონდის” ურთიერთობაში არსებულ კითხვის ნიშნებზე არაერთხელ წერდა.

„ბიზნესკურიერში” გასული სიუჟეტის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  „საპარტნიორო ფონდს’’ დაუკავშირდა და ჩვენს კითხვებზე მათ ოფიციალური წერილობითი პასუხი გამოგვიგზავნეს.

წერილში ნათქვამია, რომ 2015 წელს  „საპარტნიორო ფონდსა“ და  „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ ერთობლივად, ინიცირებულ იქნა საქართველოს ფარმაცევტულ დარგში განსახორციელებელი პროექტი, რომელიც მოიცავდა ორ კომპონენტს: პირველი კომპონენტი - საწყის ეტაპზე მედიკამენტების იმპორტი საქართველოში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებში, ხოლო მეორე ეტაპი - ფარმაცევტული ქარხნის, GMP სტანდარტების ფარმაცევტული ლაბორატორიისა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის ერთობლივი მშენებლობა და ოპერირება.

ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირველი კომპონენტის (წამლების იმპორტის) განხორციელების მიზნით  „საპარტნიორო ფონდსა“ და  „ჰუმანითი ჯორჯიას“ შორის 2015 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა 9 359 438 აშშ დოლარის სესხის გაცემას იმ მიზნით, რომ 2016 წლის განმავლობაში განხორციელებულიყო მედიკამენტების საქართველოში შემოტანა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებში და მათი სარეალიზაციო ქსელში მიწოდება. ამ პროექტის ფარგლებში  „ჰუმანითი ჯორჯიამ“ განახორციელა 600-მდე მედიკამენტის რეგისტრაცია ადგილობრივ ბაზარზე და მათი დიდი ნაწილის სააფთიაქო ქსელში განთავსება.

რაც შეეხება პროექტის მეორე კომპონენტს - ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას, წერილის მიხედვით, 2015 წლის 22 დეკემბერს  „საპარტნიორო ფონდს“,  „ჰუმანითი ჯორჯიასა“ და ავსტრიულ კომპანია Humanity Holding GmbH-ს შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება ფარმაცევტული საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების თაობაზე, სადაც ფონდის მონაწილეობა ითვალისწინებდა ქარხნის მშენებლობაში ინვესტირებას, მათ შორის, გაცემული სესხის კაპიტალში კონვერტაციას. აღსანიშნავია, რომ პარტნიორთა შეთანხმება არ შესულა ძალაში ფონდის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ნაწილში და შესაბამისად, ფონდის მიერ არ მომხდარა  „ჰუმანიტი ჯორჯიას“ კაპიტალში ინვესტირება. ფონდის ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ 2016 წლის ბოლოს გადაიხედა ფონდის 2017 წლის ბიუჯეტი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობის პროექტი სამომავლოდ გადაიდო. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით „საპარტნიორო ფონდი“ და  „ჰუმანითი ჯორჯია“ ურთიერთობენ ერთმანეთში მხოლოდ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, როგორც კრედიტორი და მსესხებელი. სესხი უზრუნველყოფილია „ჰუმანითი ჯორჯიას“ როგორც ყველა აქტივით ისე კომპანიის 100% წილით, ასევე უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებებით.

რაც შეეხება  „ჰუმანიტი ჯორჯიას“, ის წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და იგი აგრძელებს წამლების მიწოდებას საქართველოს ბაზარზე  „საპარტნიორო ფონდისგან’’ დამოუკიდებლად.

ზემოთ მოცემული ინფორმაციის თანახმად, გაურკვეველია, თუ რატომ შეეხო „საპარტნიორო ფონდის“ ხარჯების ოპტიმიზაცია კონკრეტულად სს „ჰუმანითი ჯორჯიას“. ასევე, კვლავ კითხვის ნიშნები რჩება ამ კომპანიის მიერ იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხთან, ფასებთან და ზოგადად ფარმაცევტულ ბაზარზე მათ ზეგავლენასთან დაკავშირებით.  „ჰუმანითი ჯორჯიას’’ პროექტის გარშემო განვითარებული ბოლო მოვლენები და მათ შესახებ გავრცელებული არათანმიმდევრული ინფორმაცია კიდევ უფრო ამძაფრებს ჩევნს მიერ თვეების წინ დასმულ კითხვებს და გამოთქმულ ეჭვებს.