სახალხო დამცველი
|
საერთო ქულა: 63/100 |
|||
|
განზომილება |
მაჩვენებელი |
კანონი |
პრაქტიკა |
|
შესაძლებლობები 67/100 |
-- |
50 |
|
|
75 |
75 |
||
|
მართვა 75/100 |
75 |
75 |
|
|
75 |
75 |
||
|
75 |
ქულის მინიჭება არ მოხერხდა |
||
|
როლი 50/100 |
50 |
||
|
50 |
|||
რეზიუმე
საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებელია როგორც კანონის დონეზე, ისე პრაქტიკაში. სახალხო დამცველი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, ხოლო მისი აპარატი გამჭვირვალედ ფუნქციონირებს. სახალხო დამცველს სათანადო უფლებამოსილებები აქვს, რომლებსაც ზოგადად ეფექტიანად იყენებს პრაქტიკაში. ამავე დროს, სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფოსგან საკმარის დაფინანსებას არ იღებს და ამის კომპენსირებას უცხოელი დონორებისგან მიღებული დახმარებით ახდენს. ამ გარემოებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სახალხო დამცველის საქმიანობის ზოგიერთ ასპექტზე.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილი ქულებით შეფასებულია სახალხო დამცველის აპარატი მისი შესაძლებლობების, შიდა მართვისა და იმ როლის მხრივ, რომელსაც ის საქართველოს ანტიკორუფციულ სისტემაში ასრულებს. ამ თავის დანარჩენ ნაწილში წარმოდგენილია თითოეული მაჩვენებლის თვისებრივი შეფასება.
სტრუქტურა და ორგანიზაცია
კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტი ირჩევს მისივე წევრთა წარდგინებით. სახალხო დამცველი უფლებამოსილია, გამოავლინოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და შეატყობინოს მათ შესახებ შესაბამის ორგანოებს/თანამდებობის პირებს.[1] სახალხო დამცველის უფლებემოსილებები და მოვალეობები დეტალურად აღწერილია კანონში „სახალხო დამცველის შესახებ.“[2] აღნიშნული კანონის მიხედვით, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.[3] სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად შექმნილია სახალხო დამცველის აპარატი.[4]
შეფასება
რესურსები (პრაქტიკა)
ქულა: 50
რამდენად აქვს სახალხო დამცველს მისი მოვალეობების პრაქტიკაში განსახორციელებლად საჭირო რესურსები?
სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო დაფინანსებას ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იღებს, ხოლო მისი აპარატის თანამშრომლების პროფესიონალიზმის ხარისხი ბოლო წლებში გაუმჯობესდა. თუმცა სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა არასაკმარისია და აპარატი უცხოური დონორების დახმარებით სარგებლობს, რათა თავისი მოვალეობების სათანადოდ შესრულება შეძლოს.
სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა ბოლო წლებში თითქმის არ შეცვლილა. აპარატმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2009 წელს 1.9 მილიონი ლარი მიიღო, 2010 წელს – 2.2 მილიონი ლარი, 2011 წელს კი – 2.1 მილიონი ლარი.[5] იმის გათვალისწინებით, რომ 2011 წელს სახელმწიფო უწყებების უმეტესობის ბიუჯეტები მნიშვნელოვნად შემცირდა, აღნიშნულ წელს სახალხო დამცველის აპარატისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა მთავრობის მიერ ამ ინსტიტუტის მნიშვნელოვნების აღიარებაზე მიუთითებს. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრები აპარატს ყოველთვის დროულად ერიცხება, მათი საერთო ოდენობა აპარატის ყველა საოპერაციო ხარჯების დასაფარად საკმარისი არ არის. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი მისი საოპერაციო ხარჯების დაახლოებით 30%–ს უცხოური დონორების მიერ გამოყოფილი თანხებით ფარავს. აპარატმა ბოლო დროს დონორების გამოყოფილი
სახსრები ახალ ოფისში გადასასვლელად, საოფისე აღჭურვილობისა და ტრანსპორტის შესაძენად და თანამშრომელთა გადამზადებისთვის გამოიყენა. [6]
სახალხო დამცველმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ასევე განუცხადა, რომ აპარატის ადამიანური რესურსების საერთო ხარისხით კმაყოფილია. მან აღნიშნა, რომ ხელფასების ბოლოდროინდელმა მატებამ შესაძლებელი გახადა კვალიფიციური პროფესიონალების მოზიდვა, რასაც შედეგად აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოჰყვა. თუმცა სახალხო დამცველმა ისიც აღნიშნა, რომ თუ დაფინანსება არ გაიზრდება, მომავალში აპარატს შეიძლება ამჟამინდელი თანამშრომლების შენარჩუნება გაუჭირდეს.[7]
ერთ–ერთი დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაზრებით, აპარატის თანამშრომელთა ამჟამინდელი რიცხვი ყოველთვის საკმარისი არ არის იმ უამრავ განცხადებებზე რეაგირებისთვის, რომლებსაც სახალხო დამცველი იღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატის ამოცანებისა და ვალდებულებების სირთულისა და მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, სახელმწიფომ მისთვის განკუთვნილი დაფინანსების ოდენობა უნდა გაზარდოს.[8]
დამოუკიდებლობა (კანონი)
ქულა: 75
რამდენად დამოუკიდებელია სახალხო დამცველი კანონის მიხედვით?
სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა კანონის საკმაოდ ძლიერი დებულებებით არის გამყარებული, თუმცა კანონი სრულად არ უზრუნველყოფს სახალხო დამცველის ფინანსურ დამოუკიდებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველის სამართლებრივი სტატუსი გამყარებულია კონსტიტუციით, რომელიც ხაზს უსვამს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობისთვის დაბრკოლება კანონით ისჯება. ამასთანავე, კანონი „სახალხო დამცველის შესახებ“ კრძალავს ნებისმიერ ზემოქმედებას სახალხო დამცველზე და ჩარევას მის საქმიანობაში. სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ნებისმიერი ფორმით დაბრკოლებების შექმნა სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა აისახოს და პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.[9]
სახალხო დამცველი, კანონის მიხედვით, ხელშეუხებლობით სარგებლობს და პარლამენტის თანხმობის გარეშე მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა დაუშვებელია. სახელმწიფო ვალდებულია, სახალხო დამცველს მისი მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებისთვის აუცილებელი პირობები შეუქმნას და, მისი განცხადების საფუძველზე, უზრუნველყოს მისი ოჯახის უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ წყვეტს სახალხო დამცველის საქმიანობას და არ ზღუდავს მის უფლებამოსილებას.[10]
სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით ირჩევს და ის ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეიძლება იქნეს არჩეული. სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან. სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძველების ნუსხა მოკლეა და კონკრეტული და გონივრული პირობებისგან შედგება. მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს (ხმების უბრალო უმრავლესობით). სახალხო დამცველის
მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, კანონი მას ანაზღაურებად ან პოლიტიკურ საქმიანობას, აგრეთვე სხვა სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. [11]
სახალხო დამცველი უფლებამოსილია, მისი აპარატის სტრუქტურა და მუშაობის წესი თავად განსაზღვროს.[12] მისი დამოუკიდებლობის კიდევ ერთი გარანტი ის არის, რომ სახალხო დამცველის აპარატის სახელფასო ასიგნებების წინა წლის ასიგნებებთან შედარებით შემცირება მხოლოდ მისი თანხმობით არის შესაძლებელი.[13] ამის მიუხედავად, სახალხო დამცველმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ინტერვიუში, კანონის აღნიშნულ დებულებას არასაკმარისი უწოდა და აღნიშნა, რომ ის არა მარტო სახელფასო ფონდს, არამედ აპარატის მთელ ბიუჯეტს უნდა ეხებოდეს.[14]
დამოუკიდებლობა (პრაქტიკა)
ქულა: 75
რამდენად დამოუკიდებელია სახალხო დამცველი პრაქტიკაში?
სახალხო დამცველის აპარატი მეტწილად ხელისუფლების არაჯეროვანი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე ფუნქციონირებს.
ერთ–ერთი ექსპერტი, რომელსაც კვლევის ავტორი გაესაუბრა, აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი მის საქმიანობაში დამოუკიდებელია და პროფესიონალურად და მიუკერძოებლად მოქმედებს. ექსპერტმა ვერ გაიხსენა სახალხო დამცველის საქმიანობაში პოლიტიკური ნიშნით ჩარევის ვერც ერთი შემთხვევა და აღნიშნა, რომ ჯერ–ჯერობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დომინანტურ მდგომარეობას პარლამენტში (რომელიცსახალხო დამცველს ნიშნავს) მის საქმიანობაზე ზეგავლენა არ მოუხდენია.[15]
საქართველოს არც ერთი სახალხო დამცველი ვადამდე არ გაუთავისუფლებიათ, თუმცა არც მათი ხელახალი დანიშვნის შემთხვევას ჰქონია ადგილი. არც ერთი სახალხო დამცველი არ ჩაბმულა ისეთ საქმიანობაში, რომელსაც მას კანონი უკრძალავდა და რომელსაც შეიძლებოდა მისი დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დაეყენებინა.
მიუხედავად ამისა, მოქალაქეები სახალხო დამცველისთვის საჩივრით მიმართვას, ანგარიშსწორების შიშის გამო, ყოველთვის ვერ ახერხებენ. მაგალითად, ზემოხსენებულმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ციხეებში მყოფი პატიმრები ხშირად თავს იკავებენ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე
საუბრისგან, რადგან შურისძიების. თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ამაში ბრალი ციხეების ადმინისტრაციას მიუძღვის და არა სახალხო დამცველს. [16]
გამჭვირვალობა (კანონი)
ქულა: 75
რამდენად უზრუნველყოფს არსებული კანონმდებლობა, რომ საზოგადოებამ შესაბამისი ინფორმაციის მიღება შეძლოს სახალხო დამცველის საქმიანობისა და და გაწყვეტილებების მიღების პროცესის შესახებ?
კანონის თანახმად, სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია, თუმცა არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს ყოველწლიური ანგარიშების გარდა რაიმე სხვა სახის ინფორმაციის საკუთარი ინიციატივით გამოქვეყნებას დაავალდებულებს.
სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, მისი დასკვნები და რეკომენდაციები გამოძიების წარმოების შესახებ) საჯაროა და შეტანილ უნდა
იქნეს სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ თავის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში უნდა გამოაქვეყნოს. [17] ანგარიშში დასახელებული უნდა იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლების ის ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და არ ითვალისწინებდნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.[18]
ამასთან ერთად, სახალხო დამცველმა განმცხადებლებს უნდა აცნობოს იმ შემოწმების შედეგები, რომელიც მათი განცხადების საპასუხოდ განხორციელდა. [19]
სახალხო დამცველი ვალდებულია, სხვა მაღალი რანგის მოხელეების მსგავსად, შეავსოს დეტალური ქონებრივი დეკლარაცია. დეკლარაცია საჯარო დოკუმენტია. [20]
ამის მიუხედავად, სახალხო დამცველს კანონი ასეთი ტიპის ინფორმაციის უფრო ხშირად და საკუთარი ინიციატივით გამოქვეყნებას არ ავალდებულებს. კანონი მას ნებას
აძლევს, რომ საზოგადოებას ჩატარებული შემოწმების შედეგები მას–მედიის საშუალებით აცნობოს, მაგრამ ამგვარ ვალდებულებას არ უწესებს. [21] ამავე დროს, არ არსებობს კანონის დებულებები, რომლებიც სახალხო დამცველის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობას გაითვალისიწნებდა (მაგალითად, საზოგადოებრივი განხილვების გამართვის ან საზოგადოებრივი საბჭოების და საკონსულტაციო კომიტეტების შექმნის გზით).
გამჭვირვალობა (პრაქტიკა)
ქულა: 75
რამდენად გამჭვირვალეა სახალხო დამცველის საქმიანობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი პრაქტიკაში?
სახალხო დამცველის აპარატი ზოგადად გამჭვირვალედ მუშაობს და შესაბამისი ინფორმაცია დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია, თუმცა გაუმჯობესებას საჭიროებს მისი საქმიანობა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირებისა და ყოველწლიური ანგარიშების მეშვეობით საზოგადოების ინფორმირების მხრივ.
დეტალური ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე (მათ შორის, აპარატის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებსა და წარდგენილ რეკომენდაციებზე) მოცემულია სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში. სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის შესახებ ანგარიში საჯარო დოკუმენტია და მისი ნახვა შესაძლებელია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.[22] ანგარიშებში ვრცელი ინფორმაციაა თავმოყრილი, მაგრამ არ არის მწყობრად წარმოდგენილი სტატისტიკურ მონაცემები სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ.
სახალხო დამცველის ვებ–გვერდი ახალი ამბების განყოფილებას შეიცავს, სადაც წარმოდგენილია აპარატის მიმდინარე საქმიანობის ამსახველი დეტალური ინფორმაცია, აგრეთვე სახალხო დამცველის საჯარო განცხადებები და სპეციალური ანგარიშები. სახალხო დამცველის ქონებრივი დეკლარაცია ხელმისაწვდომია სპეციალურ ვებ–გვერდზე, რომელზეც ყველა საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაციაა გამოქვეყნებული.[23]
ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გაესაუბრა, აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი მას მოთხოვნილ ინფორმაციას ყოველთვის დროულად აწვდის და მის ორგანიზაციას აპარატთან ურთიერთობაში გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემები არასოდეს შექმნია.[24] ამის მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატმა ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის კვლევის პრაქტიკული ტესტების ფარგლებში წარდგენილი საჯარო ინფორმაციის ოთხი მოთხოვნიდან მხოლოდ ორი დააკმაყოფილა. იმ ორ შემთხვევაში, როდესაც აპარატმა ნ ინფორმაცია არ გასცა, მოთხოვნის საგანს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებისთვის გადაგზავნილი საქმეების ჩამონათვალი და სხვადასხვა ორგანოებისთვის წარდგენილი რეკომენდაციების ნუსხა წარმოადეგნდა. სახალხო დამცველის აპარატმა უარის მიზეზად შესაბამისი მონაცემთა ბაზების უქონლობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ კონკრეტულ საქმეებზე შეეძლო.
სახალხო დამცველმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადა, რომ მისი აპარატი აქტიურად თანამშრომლობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან და რამდენიმე მათგანთან ხელი აქვს მოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე. მან აღნიშნა, რომ მისი აპარატი ერთობლივ პროექტებს ახორციელებს დედაქალაქში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასევე ცდილობს, დაუკავშირდეს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მოღვაწე ორგანიზაციებს, რათა მათთან პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს.[25] დამოუკიდებელმა ექსპერტმა, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გაესაუბრა, ეს დაადასტურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველმა მის არასამთავრობო ორგანიზაციას საგანგებოდ სთხოვა მის აპარატთან თანამშრომლობა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელებთან დაკავშირებით.[26]
ანგარიშვალდებულება (კანონი)
ქულა: 75
რამდენად უზუნველყოფს კანონი, რომ სახალხო დამცველმა წარადგინოს ანგარიშები თავისი საქმიანობის შესახებ და ანგარიშვალდებული იყოს საკუთარი ქმედებების გამო?
სახალხო დამცველის ანგარიშვალდებულება ძლიერი საკანონმდებლო ნორმებით არის უზრუნველყოფილი. თუმცა, არსებული კანონის ნაკლი ის არის, რომ ის სახალხო დამცველისგან მისი საქმიანობის ამსახველი ანგარიშების წარდგენას მხოლოდ წელიწადში ერთხელ ითხოვს.
სახალხო დამცველი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა. ანგარიშში ასევე დასახელებული უნდა იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლების ის ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და არ ითვალისწინებდნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. ანგარიშში მოცემული უნდა იყოს სახალხო დამცველის ზოგადი აზრი ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ და წარმოდგენილი უნდა იყოს მისი დასკვნები და რეკომენდაციები. ყოველწლიური ანგარიში საჯარო დოკუმენტია და პარლამენტი ვალდებულია, ის გამოაქვეყნოს.[27]
ექსპერტი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გაესაუბრა, აღნიშნავს, რომ ყოველწლიური ანგარიშგება შესაძლოა, საკმარისი არ იყოს და უკეთესი
იქნება, თუ სახალხო დამცველს ანგარიშების უფრო ხშირად წარდგენის ვალდებულება დაეკისრება, თუ აპარატის რესურსები მას ამის შესაძლებლობას მისცემს. [28]
თუმცა, კანონი, ყოველწლიური ანგარიშგების გარდა, ანგარიშვალდებულების სხვა ფორმებს ნაკლებად ითვალისწინებს. როგორც გამჭვირვალობის შესახებ ქვეთავში იყო
აღნიშნული, კანონი სახალხო დამცველს უფლებას აძლევს, რომ ჩატარებული საჩივრების შემოწმების შედეგები მედიას აცნობოს, მაგრამ ამგვარ ვალდებულებას არ უწესებს. [29]
სახალხო დამცველის საქმიანობა და სახალხო დამცველის აპარატი, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოების და თანამდებობის პირების მსგავსად, სასამართლოს ზედამხედველობას ექვემდებარება. რადგან სახალხო დამცველის აპარატი საჯარო სამსახურის ნაწილია, საჯარო სამსახურის თავში განხილული, ანგარიშვალდებულების საკმაოდ ძლიერი ზოგადი მექანიზმები (მათ შორის, დებულებები, რომლებიც მამხილებლებს ეხება), სახალხო დამცველის აპარატის თანამშრობლებზეც ვრცელდება.
ანგარიშვალდებულება (პრაქტიკა)
ქულა: 75
რამდენად უზრუნველყოფილია პრაქტიკაში სახალხო დამცველის მიერ ანგარიშების წარდგენა და მისი საკუთარი ქმედებების გამო ანარიშვალდებულება?
სახალხო დამცველი, კანონის შესაბამისად, ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოს. ამავე დროს, ანგარიშების ხარისხი გაუმჯობესებას საჭიროებს.
სახალხო დამცველი, კანონის შესაბამისად, პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშებს, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი მისი აპარატის საქმიანობა
საანგარიშო წლის განმავლობაში. ანგარიშები განიხილება პარლამენტის სხდომებზე და ქვეყნდება სახალხო დამცველის ვებ–გვერდზე. [30] როგორც გამჭვირვალობის შესახებ ქვეთავში იყო აღნიშნული, ანგარიშში ვრცელი ინფორმაციაა თავმოყრილი, მაგრამ მასში ვერ ვხვდებით მწყობრად წარმოდგენილ სტატისტიკურ მონაცემებს სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ.
ბოლო წლებში სახალხო დამცველის საქმიანობასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არავის მიუმართავს (მაგალითად, სარჩელის სახით) და სახალხო დამცველის აპარატში არც მხილების ფაქტებს ჰქონია ადგილი. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია შეფასდეს, რამდენად ქმედითია კანონის შესაბამისი დებულებები პრაქტიკაში.
კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის მექანიზმები (კანონი)
ქულა: 75
რამდენად უზრუნველყოფს კანონის დებულებები სახალხო დამცველის მიერ საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერ აღსრულებას?
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომელთა საქმიანობა სპეციალური ქცევის კოდექსით არ რეგულირდება, მათ მიმართ ძალაშია სხვადასხვა კანონებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც თანამდებობის პირთა მიერ მოვალეობების კეთილსინდისიერ აღსრულებას უზრუნველყოფს.
როგორც სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის შესახებ ქვეთავში იყო აღნიშნული, სახალხო დამცველს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმა[31]. სხვა საჯარო მოხელეების მსგავსად, ის ვალდებულია, რომ ქონებრივი დეკლარაცია შეავსოს.[32] სახალხო დამცველი კანონით მოვალეა, დაემორჩილოს საჯარო მოხელეებისთვის დადგენილ ინტერესთა შეუთავსებლობის ზოგად წესებს (მათ შორის, საჩუქრების მიღებაზე დაწესებულ შეზღუდვებს), რომლებიც აღწერილია საჯარო სამსახურის, აღმასრულებელი შტოსა და საკანონმდებლო ორგანოს შესახებ თავებში. საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები, რომლებიც საჯარო სამსახურის შესახებ თავში იყო განხილული, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებსაც ეხებათ.
კანონი სახალხო დამცველისგან მოითხოვს, რომ მან არ გაამჟღავნოს სავარაუდო წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლისგან მიღებული
კონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვებისა, როდესაც არსებობს მსხვერპლის მკაფიოდ გამოხატული თანხმობა. [33] ამავე დროს, მსგავსი მოთხოვნები სხვა ტიპის საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, არ არსებობს, რაც კანონმდებლობის ხარვეზია.
კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის მექანიზმები (პრაქტიკა)
ქულის მინიჭება არ მოხერხდა
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისი აპარატია ადამიანური რესურსების განყოფილებაში საგანგებოდ არის გამოყოფილი თანამშრომელი, რომლის მოვალეობა აპარატის საქმიანობის შედეგებისა და თანამშრომელთა მიერ შესაბამისი წესების დაცვის შეფასება, ასევე, ტრენინგების ორგანიზებაა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო წლებში აპარატში სერიოზული თანამდებობრივი დანაშაული არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე თანამშრომელმა გაფრთხილება მიიღო აპარატის შიდა წესების დარღვევის გამო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო და გადაწყვიტა, ეს ინდიკატორი ქულით არ შეეფასებინა.
როლი: გამოძიება (კანონი და პრაქტიკა)
ქულა: 50
რამდენად აქტიურად და ეფექტიანად რეაგირებს სახალხო დამცველი მოქალაქეებისგან მიღებულ განცხადებებზე?
კანონმდებლობა სახალხო დამცველს მძლავრ საგამოძიებო ფუნქციებს ანიჭებს და ამ მიმართულებით მისი მუშაობა ზოგადად ეფექტიანია. თუმცა ზოგი სამთავრობო უწყება, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველს გამოძიების ჩატარებაში სათანადოდ არ ეხმარება.
სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად ფართო უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული. კანონის მიხედვით, სახალხო დამცველი ვალდებულია, გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები. ის აგრეთვე ასრულებს გაერო–ს წამების საწინააღმდეგო კონვენციით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციას. სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ატარებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და უფლებამოსილია, წამოიწყოს სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოკვლევა როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მიღებული საჩივრების საფუძველზე. სახალხო დამცველი ვალდებულია, განიხილოს კერძო პირების, იურიდიული პირებისა და პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფების საჩივრები და განცხადებები, რომლებიც ხელისუფლების ორგანოთა და თანამდებობის პირთა ქმედებებს ეხება. ციხეებში და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა მიერ სახალხო დამცველისთვის გაგზავნილი განცხადებები კონფიდენციალურია და მათი გახსნა და წინასწარ შემოწმება აკრძალულია. სახალხო დამცველი ვალდებულია, განმცხადებელს აცნობოს საჩივრის შემოწმების შედეგი.[34]
შემოწმების ჩატარებისას, სახალხო დამცველს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში და საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და სამხედრო ქვედანაყოფებში, და ნებისმიერ თანამდებობის პირს მოსთხოვოს წერილობითი ახსნა–განმარტება გამოსაკვლევი საკითხის შესახებ. სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულია, სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტები და მასალები.[35] იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს დანაშაულს, სახალხო დამცველს უფლება აქვს, სამართალდამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვოს. სხვა შემთხვევაში, ის უფლებამოსილია, შესაბამის სამართალდამცველ ორგანოებს კანონდამრღვევების მიმართ დისციპლინარული ზომების გატარება მოსთხოვოს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახალხო დამცველს შეუძლია, პარლამენტს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის გამოსაძიებლად დროებითი საგამომძიებლო კომისიის შექმნის რეკომენდაციით მიმართოს. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში პარლამენტი უგულებელყოფდა სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ორგანოებისა და თანამდებობის პირების
მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად ასეთი კომისიის შექმნის შესახებ. [36] სახალხო დამცველს ასევე შეუძლია, წერილობით მიმართოს პრეზიდენტს, თუ მის ხელთ არსებული საშუალებები კონკრეტულ შემთხვევაზე რეაგირებისთვის საკმარისი არ არის.[37]
ერთ–ერთი ექსპერტი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გაესაუბრა, აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველისთვის განცხადებით მიმართვის პროცედურა მარტივია როგორც კანონით, ისე პრაქტიკაში და ამ მხრივ მოქალაქეებს პრობლემები იშვიათად ექმნებათ.[38] გარდა
ცენტრალური აპარატისა, რომელიც დედაქალაქში მდებარეობს, სახალხო დამცველს ექვსი რეგიონალური ოფისი აქვს, რაც აპარატს საზოგადოებასთან კონტაქტს უადვილებს. [39]
სახალხო დამცველს მრავალჯერ ჩაუტარებია გამოძიება საკუთარი ინიციატივით. ყველაზე გახმაურებულ ბოლოდროინდელ შემთხვევებს განეკუთვნება სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული გამოძიება თბილისის ცენტრში პოლიციის მიერ ომის ვეტერანების საპროტესტო აქციის დაშლისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სადავო საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლების ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნები გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ვებ–გვერდზე. პირველ შემთხვევაში, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდეგ, ერთ–ერთი პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს.[40] გარდა ამისა, ზემოხსენებული ექსპერტი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, რომელიც გაერო–ს წამების საწინააღმდეგო კონვენციით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციით მოქმედებდა, გამოავლინა კანონდარღვევის უამრავი ფაქტი ციხეებში, რეკომენდციებით მიმართა შესაბამის ორგანოებს და ეს ფაქტები თავის ანგარიშებშიც შეიტანა.[41] მხოლოდ 2009 წლის ბოლო ექვსი თვის მანძილზე, სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულებმა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში 146 ვიზიტი განახორციელეს.[42]
2009 წელს სახალხო დამცველმა ხუთჯერ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობის მოთხოვნით. [43]
ამავე დროს, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მის აპარატს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს, არის შემთხვევები, როდესაც სამთავრობო უწყებები აპარატს მოთხოვნილ ინფორმაციას დროულად არ აწვდიან. ამასთან ერთად, სამთავრობო უწყებები სახალხო დამცველის მიერ
დაფიქსირებულ დარღვევათა შესახებ წარდგენილ წინადადებებსა და რეკომენდაციებს ყოველთვის ამომწურავ და დასაბუთებულ პასუხს არ სცემენ. [44] ბოლო საპარლამენტო ანგარიშში, სახალხო დამცველი აკრიტიკებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ
პროკურორსა და ლტლოვილთა და განსახლების სამინისტროს, რადგან მათ სახალხო დამცველს რამდენიმეჯერ გამოძიების წარმოებაში დახმარება არ აღმოუჩინეს. [45] როგორც ზემოხსენებული ექსპერტი აღნიშნავს, სახალხო დამცველის მიერ წარმოებული გამოძიებების
შედეგიანობას ის გარემოება ამცირებს, რომ ზოგ სამთავრობო უწყებას მის რეკომენდაციებზე რეაგირება არ სურს. [46]
როლი: სანიმუშო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა (კანონი და პრაქტიკა)
ქულა: 50
რამდენად აქტიურად და ეფექტიანად მოქმედებს სახალხო დამცველი მთავრობასა და საზოგადოებაში ეთიკური ქცევის ნორმების დამკვიდრების მხრივ?
სახალხო დამცველს საკმარისი უფლებამოსილებები, რათა სანიმუშო პრაქტიკის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი, მაგრამ რესურსების ნაკლეობის გამო ამ უფლებამოსილებებს ყოველთვის შედეგიანად ვერ იყენებს.
კანონის თანახმად, სახალხო დამცველის იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი) მთავრობის ყველა ორგანოზე, თანამდებობის პირზე და საჯარო დაწესებულებაზე ვრცელდება.[47] მას გააჩნია მთელი რიგი უფლებამოსილებები და ვალდებულებები, რომლებიც სანიმუშო პრაქტიკის დამკვიდრებისთვის ხელის შეწყობას ითვალისწინებს. მაგალითად, სახალხო დამცველს შეუძლია, პარლამენტს რეკომენდაციები და წინადადებები წარუდგინოს, რომლებიც გამიზნულია ადამიანის უფლებების სფეროში არსებული კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად. როგორც წინა ქვეთავში იყო აღნიშნული, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, სახელმწიფო ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები იმ პირთა წინააღმდეგ დისციპლინარული ან
ადმინისტრაციული ზომების გატარების შესახებ, რომელთა მოქმედებამაც ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია. [48] სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც სახალხო დამცველის
რეკომენდაციებს ან წინადადებებს იღებენ, ვალდებულნი არიან, ისინი განიხილონ და 20 დღის განმავლობაში განხილვის შედეგები სახალხო დამცველს წერილობით აცნობონ. [49] სახალხო დამცველის მოვალეობები ასევე მოიცავს საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.[50]
პრაქტიკაში, სახალხო დამცველის მიერ სანიმუშო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა ძირითადად რეკომენდაციებით შემოიფარგლება. მისი ყოველწლიური ანგარიში
მოიცავს წინადადებათა ნუსხას, რომლებიც მიზნად არსებული პრობლემების მოგვარებასა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების პრაქტიკის გაუმჯობესებას ისახავს. [51] ანგარიშებს შორის პერიოდში, სახალხო დამცველს რეგულარული კავშირი აქვს მთავრობის სხვადასხვა ორგანოებთან და მათ რჩევებსა და ინფორმაციას აწვდის. ამის მიუხედავად, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, რესურსების ნაკლებობის გამო ის ვერ ახერხებს უფრო ფართო კამპანიის წარმოებას, რაც საჯარო მოხელეთათვის ტრენინგების ჩატარებას იგულისხმებდა.[52]
შენიშვნები
[1] საქართველოს კონსტიტუცია, მიღებულია 1995 წლის 24 აგვისტოს, მუხლი 43.
[2] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ,“ მიღებულია 1996 წლის 16 მაისს.
[3] იქვე, მუხლი 3.
[4] იქვე, მუხლი 26.
[5] მონაცემები აღებულია ფინანსთა სამინისტროს ვებ–გვერდიდან: www.mof.gov.ge.
[6] სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის ინტერვიუ ავტორთან, თბილისი, 2011 წლის 9 თებერვალი.
[7] გიორგი ტუღუშის ინტერვიუ ავტორთან.
[8] მანანა კობახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ თავმჯდომარე. ინტერვიუ ავტორთან, თბილისი, 2010 წლის 3 დეკემბერი.
[9] კანონი „სახალხო დამცველის შესახებ,“ მუხლი 4, 25.
[10] იქვე, მუხლი 5, 11.
[11] იქვე, მუხლი 6–8, 10.
[12] იქვე, მუხლი 26.
[13] იქვე, მუხლი 25.
[14] გიორგი ტუღუშის ინტერვიუ ავტორთან.
[15] მანანა კობახიძის ინტერვიუ ავტორთან.
[16] მანანა კობახიძის ინტერვიუ ავტორთან.
[17] კანონი „სახალხო დამცველის შესახებ,“ მუხლები 21–22.
[18] იქვე, მუხლი 22.
[19] იქვე, მუხლი 17.
[20] კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ,“ მიღებულია 1997 წლის 17 ოქტომბერს, მუხლები 2, 14–19.
[21] კანონი „სახალხო დამცველის შესახებ,“ მუხლი 21.
[24] მანანა კობახიძის ინტერვიუ ავტორთან.
[25] გიორგი ტუღუშის ინტერვიუ ავტორთან.
[26] მანანა კობახიძის ინტერვიუ ავტორთან.
[27] კანონი „სახალხო დამცველის შესახებ,“ მუხლი 22.
[28] მანანა კობახიძის ინტერვიუ ავტორთან.
[29] კანონი „სახალხო დამცველის შესახებ,“ მუხლი 21.
[31] კანონი „სახალხო დამცველის შესახებ,“ მუხლი 8.
[32] კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ,“ მიღებულია 1997 წლის 17 ოქტომბერს, მუხლები 2, 14.
[33] კანონი „სახალხო დამცველის შესახებ,“ მუხლი 20.
[34] იქვე, მუხლი 3–3(1), 12, 13, 15, 17.
[35] კანონი „სახალხო დამცველის შესახებ,“ მუხლი 18.
[36] თამარ ჩუგოშვილის ინტერვიუ ავტორთან.
[37] კანონი „სახალხო დამცველის შესახებ,“ მუხლი 21.
[38] მანანა კობახიძის ინტერვიუ ავტორთან.
[39] გიორგი ტუღუშის ინტერვიუ ავტორთან.
[40] სახალხო დამცველის აპარატი, „სახალხო დამცველის განცხადება ომის ვეტერანების აქციის დაშლასთან დაკავშირებით,“ 2011 წლის 4 იანვარი, http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=1&n=0&id=1355 (ნანახია 2011 წლის 11 თებერვალს); სახალხო დამცველის აპარატი, „სახალხო დამცველის განცხადება,“ 2011 წლის 21 იანვარი, http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=1&n=0&id=1358 (ნანახია 2011 წლის 18 თებერვალს); სახალხო დამცველის აპარატი, „სახალხო დამცველის განცხადება,“ 2011 წლის 6 იანვარი, http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=1&n=0&id=1356 (ნანახია 2011 წლის 18 თებერვალს).
[41] მანანა კობახიძის ინტერვიუ ავტორთან.
[42] სახალხო დამცველის აპარატი, „სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ: 2009 წლის მეორე ნახევარი“ (თბილისი: სახალხო დამცველის აპარატი), 14.
[43] იქვე, 156.
[44] გიორგი ტუღუშის ინტერვიუ ავტორთან.
[45] სახალხო დამცველის აპარატი, „სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ: 2009 წლის მეორე ნახევარი“ (თბილისი: სახალხო დამცველის აპარატი), 13.
[46] მანანა კობახიძის ინტერვიუ ავტორთან.
[47] კანონი „სახალხო დამცველის შესახებ,“ მუხლები 3, 23.
[48] იქვე, მუხლი 21.
[49] იქვე, მუხლი 24.
[50] იქვე, მუხლი 3.
[51] სახალხო დამცველის აპარატი, „სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ: 2009 წლის მეორე ნახევარი“ (თბილისი: სახალხო დამცველის აპარატი).
[52] გიორგი ტუღუშის ინტერვიუ ავტორთან.
- დასაბეჭდი ვერსია
- ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად.
- English

