რეზიუმე
საქართველოში მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები მოქმედებს, რომელთა მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. თუმცა, პრაქტიკაში,პროკურატურა და აღმასრულებელი შტო არაჯეროვან გავლენას ახდენენ სასამართლო ხელისუფლებაზე სისხლის სამართლისსაქმეების განხილვის დროსს, ასევე იმ საქმეების განხილვისას, სადაც სასწორზე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესები დევს. სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობამ ასევე შეასუსტა მისი უნარი,განახორციელოს ზედამხედველობა აღმასრულებელი შტოს საქმიანობაზე. დადებითი კუთხით, უკანასკნელ წლებში მკვეთრად გაიზარდა სასამართლოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იმატა ხელფასებმა, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და კადრები. სასამართლოებში აღმოიფხვრა მექრთამეობა და მიიჩნევა, რომ მოსამართლეები ზოგადად დამოუკიდებელნი არიან სამოქალაქო საქმეების განხილვისას.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილი ქულებით შეფასებულია სასამართლოს შესაძლებლობები, შიდა მმართველობა და მისი როლი საქართველოს ანტიკორუფციულ სისტემაში. ამ თავის დანარჩენ ნაწილში წარმოდგენილია თითოეული ინდიკატორის თვისებრივი შეფასება.
სტრუქტურა და ორგანიზაცია
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის სასამართლო ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებისგან შედგება.1
საკონსტიტუციო სასამართლო "საკონსტიტუციო კონტროლის უმაღლესი სასამართლო ორგანოა," რომლის მოვალეობას კანონების, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოთა მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციების შესახებ დავების განხილვა წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება: პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს სამ-სამი მოსამართლის დანიშვნის უფლება აქვთ.2
საერთო სასამართლოების სისტემაში შედიან საოლქო და საქალაქო სასამართლოები, სააპელაციო სასამართლო და უზენაესი სასამართლო.3უზენაესი სასამართლოსთავმჯდომარესა და მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი.4საოლქო და საქალაქო სასამართლოებისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - ორგანო, რომელსაც მოსამართლეების დანიშვნა და გათავისუფლება, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება და სასამართლო ხელისუფლების რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავება ევალება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების, პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ გამწესებული 15 წევრისაგან შედგება და მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.5მოსამართლეთა კონფერენცია არის საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, რომელიც ნიშნავს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.6
შეფასება
ქულა: 75
რამდენად უზრუნველყოფს კანონმდებლობა მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის სათანადო პოლიტიკას, ასევე, სათანადო შრომის ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს?
სასამართლო ხელისუფლებისთვის სხვადასხვა რესურსის ხელმისაწვდომობა კანონის მკაფიო დებულებებით რეგულირდება. კანონმდებლობის ყველაზე დიდი ხარვეზი ის არის, რომ ის სასამართლო ხელისუფლების ბიუჯეტის შედგენაში დაბალი რანგის სასამართლოთა ჩართულობას არ უზრუნველყოფს.
საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ხელფასების ოდენობა განისაზღვრება სპეციალური საკანონმდებლო აქტებით: კანონებით "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ" და "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ."7ეს ორი კანონი ადგენს ყველა მოსამართლის შრომის ანაზღაურების ოდენობას დაიცავს მათ სახელფასო განაკვეთის თვითნებური შემცირებისგან. კიდევ ერთი საკანონმდებლო დებულება მოსამართლის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში მისი სახელფასო განაკვეთის შემცირებას კრძალავს.8თუმცა, ამავე დროს, კანონები, რომლებიც სახელფასო განაკვეთებს ადგენს, არ ითვალისწინებს მათ ავტომატურ კორექტირებას ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით.
კანონმდებლობა სასამართლო ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლოებისთვის განკუთვნილი ყოველწლიური ასიგნებების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. საერთო სასამართლოების (უზენაესი სასამართლოს გარდა) ბიუჯეტის პროექტს მთავრობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარუდგენს, ხოლო უზენაესი სასამართლოს ბიუჯეტის პროექტს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.9საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წარუდგენს.10საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეიძლება გამოეყოს იმაზე მცირე დაფინანსება, ვიდრე მან წინა წელს მიიღო,11ხოლო საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირება (წინა წელთან შედარებით) მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით შეიძლება.12
რაც შეეხება უარყოფით მხარეს, კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების (უზენაესი სასამართლოს გარდა) მონაწილეობას მათი ბიუჯეტების დამტკიცების პროცესში. საერთო სასამართლოების ბიუჯეტის პროექტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ადგენს13და კანონი მას ამ პროცესში სასამართლოების აზრის გათვალისწინებას პირდაპირ არ ავალდებულებს.
რესურსები (პრაქტიკა)
ქულა: 50
რამდენად აქვს სასამართლო ხელისუფლებას პრაქტიკაში ეფექტიანი მუშაობისთვის საჭირო ფინანსური რესურსები, პერსონალი და ინფრასტრუქტურა?
2004 წელს დაწყებული ბიუჯეტის მკვეთრი ზრდის შედეგად, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამჟამად მოსამართლეებს ადექვატური ოდენობის ხელფასები ეძლევათ, სასამართლოებს კი სათანადო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა აქვთ და შესაბამისი რაოდენობის დამხმარე პერსონალით არიან დაკომპლექტებული. თუმცა, ზოგიერთი წყაროს თანახმად, ქვედა რანგის სასამართლოები ყოველთვის საკმარის დაფინანსებას ვერ იღებენ, რადგან მათი ბიუჯეტების შედგენის პროცესში მათი როლი შეზღუდულია. ამავე დროს, როგორც ჩანს, სასამართლოები მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო გადატვირთულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა შესაძლოა მოსამართლეობის კვალიფიციური კანდიდატების ნაკლებობას განიცდიდეს.
სასამართლო ხელისუფლების საერთო ბიუჯეტი 2003-2009 წლებში ყოველწლიურად იზრდებოდა. ის ამ პერიოდში თითქმის გაოთხმაგდა და 11 მილიონიდან 44 მილიონ ლარს მიაღწია. 2010 წელს სასამართლოების დაფინანსება 39 მილიონ ლარამდე შემცირდა, მაგრამ მათ ბიუჯეტში ხელფასების წილი 60 პროცენტიდან 73 პროცენტამდე გაიზარდა.14
2010 წელს ასევე შემცირდა მრავალი სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო ორგანოების ბიუჯეტები, რაც საერთო ხელმომჭირნე ფისკალური პოლიტიკით იყო განპირობებული. ამავე დროს, წინა წლებში გამოყოფილი უფრო დიდი დაფინანსება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესს უკავშირდებოდა, რაც 2010 წლისთვის დიდწილად დასრულდა.15
საბიუჯეტო დაფინანსების ზრდამ მთელი რიგი დადებითი ცვლილებები გამოიწვია სასამართლო ხელისუფლებისთვის სხვადასხვა რესურსის ხელმისაწვდომის თვალსაზრისით. კერძოდ, "ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის" ინფორმაციით, საქართველოს სასამართლოებში დასაქმებული მდივნების, თანაშემწეებისა და სტაჟიორების რიხვი საკმარისია და ისინი მოსამართლეებს მათი მოვალეობების შესრულებაში ეხმარებიან. სასამართლოებში გაიზარდა კომპიუტერების, ასლგადამღები და ფაქსის აპარატების რაოდენობა, და მოსამართლეებსა და სასამართლოს თანამშრომლებს ხელი მიუწვდებათ ინტერნეტზე. კანონმდებლობა ინდექსირებულია და ყველა მოსამართლისთვის ხელმისაწვდომია ელექტრონული მონაცემთა ბაზის სახით. მიმდინარეობს არსებულისასამართლო შენობების რემონტი და შენდება ახალი შენობები, რაც მოსამართლეებს "რესპექტაბელურ გარემოსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას" უქმნის.16
მოსამართლეების ხელფასები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. "ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის" მოსაზრებით, მოსამართლეები საკმარის ანაზღაურებას იღებენ, რათა ოჯახები დამატებითი შემოსავლის გარეშე შეინახონ.17მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეების ხელფასები ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადვოკატების შემოსავალს საკმაოდ ჩამორჩება,18ისინი მაინც საკმარისია ცხოვრების ნორმალური დონის უზრუნველსაყოფად და საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებას არ ჩამოუვარდება.
მოსამართლეობის კანდიდატებმა უნდა გაიარონ სავალდებულო სასწავლო კურსი "იუსტიციის უმაღლეს სკოლაში," რომელიც იურიდიულ განათლებას მოქმედ მოსამართლეებსაც სთავაზობს. სკოლის ხელმძღვანელის თქმით, 300 მოქმედი მოსამართლიდან თითქმის ყველა "იუსტიციის უმაღლეს სკოლაში" წელიწადში ხუთდღიან სწავლებას მაინც გადის.19მოსამართლედ დანიშვნამდე კანდიდატები გადიან სავალდებულო კურსებს სამოსამართლო ეთიკაში. მსგავსი სასწავლო კურსები მოქმედ მოსამართლეებსაც უტარდებათ.20
უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები საკუთარ ბიუჯეტებს თავად ადგენენ და საბიუჯეტო პროცესის დროს პარლამენტში მათ ლობირებას ეწევიან.21ამის მიუხედავად, ზოგი ექსპერტი აცხადებს, რომ საბიუჯეტო პროცესი ზედმეტად ცენტრალიზებულია და დაბალი რანგის სასამართლოებს მასზე მცირე გავლენა აქვთ.22"ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია" ასევე აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (რომელსაც საოლქო, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებისბიუჯეტების შედგენა ევალება) ამ სასამართლოების ინტერესებს ყოველთვის არ ითვალისწინებს. ამის შედეგად, ისინი ყოველთვის სათანადო დაფინანსებას ვერ იღებენ. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების პროცესიც ცენტრალიზებულია. საოლქო და საქალაქო სასამართლოებმა საჭირო ინვენტარის შესაძენად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განაცხადით უნდა მიმართონ (ნაცვლად იმისა, რომ შესყიდვები თავად განახორციელონ), რის გამოც მათ ხშირად ყველა საჭირო აღჭურვილობა არ გააჩნიათ.23ამ მოსაზრებებს არ იზიარებენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გაესაუბრა. მათ განაცხადეს, რომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი საერთო სასამართლოების ინტერესებს ყოველთვის ითვალისწინებს და მათ საჭიროებებს დეტალურად სწავლობს.24
როგორც "ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია" აღნიშნავს, სასამართლო ხელისუფლების კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ამჟამად არსებული მოსამართლის თანამდებობათა რიცხვი საკმარისი არ არის და სასამართლოები ძალზე გადატვირთულნი არიან.25თუმცა, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გაესაუბრა, განაცხადეს, რომ ბოლო წლებში მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სასამართლო ახალ მოსამართლეებს მანამდე ვერ დაასაქმებს, ვიდრე ისინი იუსტიციის უმაღლეს სკოლას არ დაამთავრებენ. მათ ასევე განაცხადეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ამჟამად ერთადერთი სასამართლოა, რომელსაც შეიძლება გადატვირთული ეწოდოს.26
ქულა: 75
რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო ხელისუფლება კანონის მიხედვით?
კონსტიტუცია და მთელი რიგი სხვა კანონები შეიცავს დებულებებს, რომელთა მიზანს მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ის დებულებები, რომლებიც მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას ეხება, სასამართლოს სრულ დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს, ხოლო ზოგიერთი კანონი შეიცავს ხარვეზებს, რომლებიც ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდას.
საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით, რომელიც აცხადებს, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი უნდა იყოს და მხოლოდ კანონს ემორჩილებოდეს. მოსამართლეებზე ზემოქმედება და მათ საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება.27
უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების უფლებამოსილებები გამყარებულია კონსტიტუციით და მათი შეცვლა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების გზით არის შესაძლებელი, რომლის მიღებას პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება.28
კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეები ხელშეუხებლობით სარგებლობენ და მათი დაპატიმრება მხოლოდ დანაშაულზე წასწრების შემთხვევაშია დასაშვები. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ან დაპატიმრებული მოსამართლის პატიმრობაში დატოვება დასაშვებია მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით (საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ან თავმჯდომარის შემთხვევაში, აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს ნებართვა, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ან თავმჯდომარის შემთხვევაში - პარლამენტის თანხმობა).29
მოსამართლეებს კონსტიტუციით ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის წევრობა ან პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმა. მათ არც პარალელურად სხვა თანამდებობის დაკავების ან სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება აქვთ, გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისა.30ამავე დროს, მოსამართლეებს პროფესიული ასოციაციების ჩამოყალიბება არ ეკრძალებათ. მეტიც, კანონი მოითხოვს, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცების მიზნით, შექმნან თვითმმართველობის ორგანო - საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. კონფერენციის უფლებამოსილებები მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და წევრთა უმრავლესობის არჩევას.31
მოსამართლეთა დანიშვნაში მონაწილეობას იღებენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ამ სფეროს პროფესიონალები. პოლიტიკოსები წამყვან როლს ასრულებენ უზენაესი სასამართლოსა (ყველა წევრს პარლამენტი ირჩევს) და საკონსტიტუციო სასამართლოს (წევრთა ორ მესამედს პარლამენტი და პრეზიდენტი ნიშნავს) მოსამართლეების დანიშვნაში. სხვა სასამართლოების მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. კანონი მოითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმეტესობა მოსამართლეთა კონფერენციამ დანიშნოს, რითაც დანიშვნების პროცესზე კონტროლის უფლებას სასამართლოსსფეროს პროფესიონალებს გადასცემს.32ამის მიუხედავად, როგორც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აღნიშნავს, ამ გარანტიის ეფექტიანობას ის დებულება ამცირებს, რომელიც ადგენს, რომ მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოში შემავალი ხელისუფლების სამივე შტოს (საკანონმდებლოს, აღმასრულებელისა და სასამართლოს) წარმომადგენლები უნდა დაეთანხმონ, რითაც პრეზიდენტისა და პარლამენტის წარმომადგენლებს მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება ენიჭებათ. საია-მ ასევე კრიტიკა გამოთქვა იმ გარემოების გამო, რომ მართალია იუსტიციის საბჭოს წევრთა უმეტესობას მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს, მაგრამ კანდიდატების წარდგენის უფლება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს. იუსტიცის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობას შესაძლოა ის დებულებაც ამცირებდეს, რომელიც პრეზიდენტს საბჭოში მის მიერ დანიშნული წევრების ნებისმიერ დროს გაწვევის უფლებას ანიჭებს.33
კანონი მოითხოვს, რომ მოსამართლეობის კანდიდატები კონკურსის წესით იქნენ შერჩეული და მათთვის პროფესიულ კრიტერიუმებსაც ადგენს. მოსამართლეობის კანდიდატებს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ მცირე ხუთი წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.34
არსებული კანონმდებლობა მოსამართლეებს თანამდებობიდან თვითნებური გათავისუფლებისგან იცავს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება მხოლოდ პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის წესით შეიძლება, თუ ის კონსტიტუციას დაარღვევს ან სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს. უზენაესი სასამართლოსა და სხვა საერთო სასამართლოების მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა. კანონში ჩამოთვლილია მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძლები, რაც ამ მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედების თავისუფლებას ზღუდავს.35საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება მხოლოდ ამ სასამართლოს შეუძლია და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შესაბამის კანონში ჩამოთვლილი რომელიმე კონკრეტული მიზეზი.36
საქართველოში ამჟამად მოსამართლეები თანამდებობაზე უვადოდ არ ინიშნებიან. ყველა რანგის სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა 10 წელია.37როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მათითანამდებობაზე უვადოდ (საპენსიო ასაკამდე) დანიშვნა უმჯობესი იქნებოდა.382010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, უვადო უფლებამოსილების ვადა შემოღებულ იქნა, მაგრამ ეს ცვლილება 2013 წლამდე არ ამოქმედდება.
კანონმდებლობაში არის დებულებები, რომლებიც მოსამართლეებს არაჯეროვანი ზემოქმედებისგან იცავს. სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში დაინტერესებულ პირებს, საჯარო მოსამსახურეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკრძალებათ საერთო სასამართლოს მოსამართლესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო პროცესის შედეგზე გავლენის მოხდენას და ეწინააღმდეგება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.39
დამოუკიდებლობა (პრაქტიკა)
ქულა: 25
რამდენად თავისუფალია სასამართლო ხელისუფლება მის საქმიანობაში მთავრობის ან სხვა აქტორების ჩარევისგან პრაქტიკაში?
სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას (პროკურატურის ზეგავლენის გამო), ასევე სხვა ტიპის საქმეების განხილვისას, სადაც სასწორზე მთავრობის პოლიტიკური ინტერესები დევს (მაგალითად, საარჩევნო დავებისა). რაც შეეხება დადებით მხარეს, სასამართლოები სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების უმეტესობას, როგორც ჩანს, დამოუკიდებლად და კანონის შესაბამისად განიხილავენ.
საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა უკანასკნელ წლებში არაერთხელ გამხდარა ეჭვის საგანი. მაგალითად, 2010 წლის სექტემბერში სახალხო დამცველმა საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ "აშკარაა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის."402010 წელს "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტების მხოლოდ 21 პროცენტმა განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება მიუკერძოებელი იყო (ხოლო 47 პროცენტმა თქვა, რომ სასამართლო მიუკერძოებული არ იყო). იმავე გამოკითხვაში, რესპონდენტთა 43 პროცენტი დაეთანხმა ან ნაწილობრივ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ საქართველოს სასამართლოები მთავრობის გავლენის ქვეშ იმყოფებიან (18 პროცენტი კი არ დაეთანხმა ან ნაწილობრივ არ დაეთანხმა).41
2009 წლის "გლობალური კორუფციის ბარომეტრის" მიხედვით, საქართველოში სასამართლოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად სანდო საზოგადოებრივ ინსტიტუტად მიიჩნევდნენ.42გამოითქმის მოსაზრება, რომ საზოგადოების ასეთი აღქმა გამოწვეულია სასამართლოს მიერ გახმაურებულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებებით (როდესაც სასამართლო მთავრობასთან ასოცირებულ ბრალდებულებს უფრო ლმობიერად ეპყრობა, ვიდრე ოპოზიციასთან დაკავშირებულ პირებს), ასევე სისხლის სამართლის საქმეებში გამამართლებელი განაჩენების უაღრესად მცირე რიცხვით (2010 წელს განხილული თითქმის 17 000 სისხლის სამართლის საქმიდან გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ შვიდ შემთხვევაში იქნა გამოტანილი).43მეტიც, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას პროკურატურა და აღმასრულებელი შტო სასამართლოზე არაჯეროვან ზემოქმედებას ახდენენ.44ამასთან ერთად, სასამართლოებმა ბოლო წლებში არჩევნებთან დაკავშირებულ დავებში ხელისუფლების სასარგებლოდ შესამჩნევი მიკერძოება გამოავლინეს.45
ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაში, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ 2006 წელს თბილისში მოკლული ბანკის თანამშრომლის საქმეს ეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ არათუ არ განიხილა საქმე მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად, არამედ სამართალდამცავ ორგანოებთან და აღმასრულებელ შტოსთან შეთანხმებულად მოქმედებდა, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები სათანადოდ არ დასჯილიყვნენ.46
სასამართლოების მიერ ზოგიერთ ისეთ საქმეში გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა, რომლებშიც ერთმანეთს მთავრობა და კერძო საწარმოები უპირისპირდებოდნენ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შესახებ დამატებითი ეჭვები გააჩინა. ერთ-ერთმა ექსპერტმა, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გაესაუბრა, განაცხადა, რომ როდესაც გადასახადო დავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას ეხება და მთავრობა საქმის მოგებით დიდად არის დაინტერესებული, სასამართლოები საგადასახადო ორგანოებთან და პროკურორებთან შეთანხმებულად მოქმედებენ მთავრობისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად. მანვე აღნიშნა, რომ სასამართლოებს დამოუკიდებლად მოქმედების ნება მხოლოდ მაშინ ეძლევათ, როცა საქმეში მთავრობის ინტერესები არ ფიგურირებს, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება.47
ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გამჭვირვალე არ არის და, შესაბამისად, რთულია იმის დადგენა, მოსამართლეები, კანონის შესაბამისად, პროფესიული კრიტერიუმების მიხედვით ინიშნებიან თუ არა.48ასევე გამოითქვა აზრი, რომ დანიშვნები შესაძლოა, სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე ხდებოდეს.49ამასთან ერთად, სასამართლოების რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში ზოგი მოსამართლე სხვა სასამართლოში გადაჰყავთ ან სათადარიგო მოსამართლეთა სიაში შეჰყავთ, სასამართლოს დამოუკიდებლობას კიდევ უფრო ასუსტებს. საია-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა პერიფერიებში მდებარე სასამართლოებში გადაყვანა გამოიყენება როგორც იმ მოსამართლეთა დასჯის ზომა, რომლებმაც მთავრობის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები გამოიტანეს,50ხოლო "ამერიკის ადვოკატთა ასოციაციამ" გამოთქვა შეშფოთება, რომ ზოგი მოსამართლე მსგავსი მიზეზების გამო შეიძლება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობაზე ხელახლა აღარ დაინიშნოს.51დაწინაურების ოფიციალური პროცედურის არარსებობა ასევე იძლევა სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.52სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ კრიტიკული შენიშვნების საპასუხოდ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მომავალ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები საჯაროა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათზე დასწრება თავისუფლად შეუძლიათ. მათ ასევე განაცხადეს, რომ მოსამართლეთა სხვა სასამართლოებში გადაყვანა იმისთვის ხდება, რომ გადატვირთული სასამართლოების განტვირთვა მოხდეს.53
კანონმდებლობა შეიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც სასამართლო პროცესის მხარეებს, პროკურორებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს სასამართლო განხილვის განმავლობაში მოსამართლეებთან კომუნიკაციას უკრძალავს, რათა მოსამართლეები არაჯეროვანი ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩდნენ, თუმცა პრაქტიკაში ამ დებულებების ქმედითობა ეჭვს იწვევს. 2007 წელს ამ კანონის მიღებიდან დღემდე მის საფუძველზე მხოლოდ რამდენიმე პირი დაისაჯა (მათგან არც ერთი საჯარო თანამდებობის პირი არ იყო). ამასთან ერთად, საია აცხადებს, რომ მოსამართლეებზე არაჯეროვან ზეგავლენას ხშირად იმ სასამართლოების თავმჯდომარეები ახდენენ, სადაც საქმე განიხილება, რადგან მათზე ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება.54
გაურკვეველია, არსებობს თუ არა ამჟამად მოსამართლეთა ეფექტიანი პროფესიული ასოციაცია."საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია" 1999 წელს დაარსდა, მაგრამ ბოლო წლებში აღარ ფუნქციონირებს. მოსამართლეთა კონფერენცია მოსამართლეთა ოფიციალური თვითმმართველი ორგანოა, თუმცა, როგორც ჩანს, მისი საქმიანობა წელიწადში ერთხელ კრების გამართვით შემოიფარგლება.55
დადებით მხარეს რაც შეეხება, სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს, ჩვეულებრივ, დამოუკიდებლად განიხილავენ.56 2010 წელს ჩატარებულმა სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი უმრავლესობა სასამართლოების საქმიანობით კმაყოფილი იყო.57მოსამართლეების ხელშეუხებლობა პრაქტიკაში დაცულია58და მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გათავისუფლება ბოლო წლებში იშვიათი გახდა.59
ქულა: 50
რამდენად უზრუნველყოფს კანონმდებლობა, რომ საზოგადოებამ შეძლოს სათანადო ინფორმაციის მიღება სასამართლო ხელისუფლების საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის შესახებ?
კანონმდებლობა მთელ რიგ მოთხოვნებს შეიცავს, რომელთა მიზანი სასამართლო განხილვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, კანონი ზედმეტ დაბრკოლებებს ქმნის ინფორმაციის წვდომასთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული.
კონსტიტუცია აცხადებს, რომ სასამართლოს სხდომები ღიაა და დახურულ სხდომებზე საქმის განხილვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებშია დასაშვები.60სასამართლოს გადაწყვეტილებებიც ასევე საჯაროდ უნდა იქნეს გამოცხადებული.61სასამართლოები ვალდებულნი არიან, აწარმოონ სასამართლოს სხდომების დეტალური ოქმები ან გააკეთონ მათი აუდიო-ჩანაწერი და ის მხარეებს მოთხოვნისთანავე მოაწოდონ.62მოსამართლეები ვალდებულნი არიან, ყოველწლიურად წარუდგინონ ქონებრივი დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს.63
ამავე დროს, კანონმდებლობა არ შეიცავს დებულებებს, რომლებიც სასამართლოებს ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაავალდებულებს, საზოგადოებას საკუთარი ინიციატივით მიაწოდონ ინფორმაცია მათი საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპეტების შესახებ (სასამართლო სტატისტიკა, სასამართლო მოსმენების ჩანაწერები/სტენოგრაფიული ანგარიშები და ა.შ.). იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, მოსამართლის ვაკანსიები ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს,64თუმცა მას მსგავსი ვალდებულება არ ეკისრება მოსამართლეების დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მხრივ. მართალია, ის დებულებები, რომლებიც სასამართლო დარბაზში ფოტო და ვიდეო გადაღებას კრძალავს, შეიძლება მოსამართლეებისა და მოწმეების დაცვის აუცილებლობით აიხსნას, მაგრამ ის გარემოება, რომ მოსამართლის ნებართვის გარეშე აუდიო ჩანაწერების და სტენოგრაფიული ანგარიშების წარმოებაც აკრძალულია, ზღუდავს ჟურნალისტების შესაძლებლობას, გააშუქონ სასამართლოს სხდომები.
გამჭვირვალობა(პრაქტიკა)
ქულა: 25
რამდენად მიუწვდება ხელი საზოგადოებას პრაქტიკაში სასამართლოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე?
სასამართლოს სხდომებზე წვდომა პრაქტიკაში უზრუნველყოფილია, მაგრამ სასამართლო დარბაზებში შესაბამისი აღჭურვილობის არარსებობა და სასამართლოს თანამშრომლების მხრიდან ხელის შეშლა სხდომაზე დამსწრე პირებს განხილვების მოსმენას და ჩანაწერების გაკეთებას ურთულებას. ამავე დროს, სასამართლოს გადაწყვეტილებები ყოველთვის დროულად არ ხდება ხელმისაწვდომი.
ზოგადად, სასამართლოს სხდომები საზოგადოებისთვის და მედიისთვის ღიაა და, ჩვეულებრივ, სასამართლო დარბაზებში ყველა დაინტერესებული პირისთვის საკმარისი ადგილია.65"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გამოციდლებით, ადგილობრივი და საოლქო სასამართლოების სხდომები ყოველთვის ღიაა და გარეშე პირებს დაკვირვების საშუალება აქვთ, თუმცა ორ შემთხვევაში სასამართლოს თანამშრომლებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სთხოვეს, ჩანაწერების გაკეთება შეეწყვიტათ და წერის გაგრძელების ნება მხოლოდ მაშინ მისცეს, როცა დარწმუნდნენ, რომ ისინი სტენოგრაფიულ ანგარიშს არ აწარმოებდნენ. ხშირად ასევე რთულია სასამართლო დარბაზში განხილვების მოსმენა, რადგან დამსწრეთათვის განკუთვნილი სკამები მოსამართლის ადგილისგან შორს არის განლაგებული და დარბაზი მიკროფონებით აღჭურვილი არ არის. ეს თითქოსდა მცირე დეტალი მნიშვნელოვან პრობლემას იწვევს და სასამართლოს სხდომების საჯაროობის ღირებულებას ამცირებს.
2007 წელს სასამართლო დარბაზში ვიდეოგადაღების აკრძალვამ გარკვეული კრიტიკა გამოიწვია,66თუმცა ეს მექანიზმი ასევე იცავს ბრალდებულებს მათი ვინაობის გამჟღავნებისგან. მედიასთან ურთიერთობის გასაადვილებლად შემოღებულ იქნა სასამართლოს წარმომადგენლის (ე.წ. "სპიკერ-მოსამართლის") თანამდებობა. "ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის" მოსაზრებით, ამ მექანიზმის ფუნქციონირებას პრაქტიკაში გარკვეული პრობლემები ახლავს და ის ჯერ-ჯერობით ჟურნალისტებისთვის ადვილად გასაგები ინფორმაციის წყაროს არ წარმოადგენს.67
უზენაესი სასამართლო და რამდენიმე სხვა სასამართლო სასამართლო პროცესების აუდიო ჩაწერას აწარმოებს, მაგრამ სასამართლოების უმეტესობას აუცილებელი აღჭურვილობა არ გააჩნია და ისინი ხელნაწერ ან ნაბეჭდ ოქმებს ადგენენ, რომლებშიც განხილვების მოკლე შინაარსია გადმოცემული. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ხელმისაწვდომია თუ არა ეს ოქმები საზოგადოებისთვის. სავარაუდოდ, სხვადასხვა სასამართლოში განსხვავებული პრაქტიკა არსებობს.68
სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით სხვადასხვა სასამართლოებში განსხვავებული მდგომარეობაა. უზენაეს სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და რამდენიმე ქვედა რანგის სასამართლოს აქვთ ვებ-გვერდები, სადაც მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს აქვეყნებენ (თუმცა ხანდახან ეს მნიშვნელოვანი დაგვიანებით ხდება).69"ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის" ინფორმაციით, სხვა სასამართლოებში გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ, მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომია.70ამავე დროს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რიგ შემთხვევებში სასამართლო გადაწყვეტილებების ასლების მიღების მხრივ სირთულეები შეექმნა (იხილეთ ქვემოთ).
სასამართლო ხელისუფლების ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაცია და სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.71ამავე დროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე მოცემულია დისციპლინარული დარღვევების სტატისტიკური მონაცემები და მოსამართლეობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია.72ამის მიუხედავად, ინფორმაცია, რომელიც შეეხება სასამართლოების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას, მოსამართლეების დანიშვნას, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტასა და სხვა სასამართლოში გადაყვანას, ხელმისაწვდომი არ არის.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ოთხი განაცხადიდან, რომლებიც უზენაეს სასამართლოს ანტიკორუფციული სისტემის კვლევის პრაქტიკული ტესტების ფარგლებში გაეგზავნა, სასამართლომ ოთხივეს უპასუხა, თუმცა ერთ-ერთი პასუხი დასმულ კითხვას სრულად არ შეესაბამებოდა. ორ კომპლექსურ კითხვაში მოთხოვნილი იყო 2009 წლის შედარებითი მონაცემები იმ პირთა რიცხვის შესახებ, ვისაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ და გირაო გადაიხადეს (515) და მათზე, ვინც გირაო არ გადაიხადა (8,195), ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ გამამტყუნებელ (18,392) და გამამართლებელ (18) განაჩენებზე.
ამისდა მიუხედავად, გამოპასუხების ხარისხი ძალზე არადამაკმაყოფილებელი იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ სასამართლოებისთვის გაგზავნილი და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშრებული იმ განაცხადების შემთხვევაში, რომლებიც ანტიკორუფციული სისტემის კვლევის პრაქტიკული ტესტების ნაწილი არ იყო. ხუთ განაცხადს, რომლებიც ორგანიზაციამ დედაქალაქში მდებარე სასამართლოებს - თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და, ასევე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს - გაუგზავნა, სასამართლოებმა ზუსტად ერთნაირი პასუხი გასცეს და განაცხადეს, რომ მათ პასუხის გასაცემად საკმარისი ადმინისტრაციული რესურსები არ გააჩნდათ და ამ რესურსების მობილიზებას კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებლად არ მიიჩნევდნენ. ამ განაცხადებით მოთხოვნილი ზოგი ინფორმაცია დიდი რაოდენობის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხებოდა, თუმცა ზოგი მხოლოდ 20-25 საქმეს მოიცავდა.73
ქულა: 75
რამდენად უზრუნველყოფს კანონმდებლობა, რომ მოსამართლეები ანგარიშვალდებულნი იყვნენ მათ ქმედებებზე?
კანონმდებლობა ბევრ დებულებას შეიცავს, რომლებიც მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრების წარდგენას და დისციპლინარული სანქციების გამოყენებას ეხება. მოსამართლეები კანონით ვალდებულნი არიან, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებები. უარყოფით მხარეს რაც შეეხება, მოსამართლეებს მეტისმეტად მაღალი ხარისხის ხელშეუხებლობით სარგებლობენ, რომელიც ყველა ტიპის სისხლის სამართლის დანაშაულზე ვრცელდება.
კანონი მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრების წარდგენისა და დისციპლინარული სანქციების გამოყენებისთვის დეტალურ ოფიციალურ პროცედურებს ითვალისწინებს. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, მოსამართლის წინააღმდეგ საჩივარი აღძრას. ასეთი საჩივრები შეიძლება წარედგინოს უზენაესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეებს, ასევე, უმაღლესი იუსტიციის საბჭოს წევრებს. წინასწარი მოკვლევის შემდეგ, შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარემ ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ან საქმის წარმოება შეწყდება ან მოსამართლეს დისციპლინარული ბრალდება წარედგინება და საქმე სპეციალურ ორგანოს - საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარულ კოლეგიას - გადაეგზავნება. იმ მოსამართლეების მიმართ, რომელთაც დისციპლინარული დარღვევების ჩადენა დაუმტკიცდებათ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სანქციები, მათ შორის, საყვედურის ან მკაცრი საყვედურის გამოცხადება და უფლებამოსილების შეწყვეტა.74დისციპლინარული კოლეგიის დამოუკიდებლობას შესაძლოა, რამდენადმე ასუსტებდეს ის გარემოება, რომ მის წევრთა ნახევარს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. როგორც ვენეციის კომისიამ მართებულად აღნიშნა, ორგანოს, რომელიც სამართალწარმოების პროცედურის ინიცირებას ახდენს, საქმის განმხილველი ორგანოს შემადგენლობაზე გავლენის მოხდენა არ უნდა შეეძლოს.75
კანონი მოსამართლეებისგან ყველა ტიპის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების დასაბუთებას მოითხოვს. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილი როგორც შუალედური, ისე საბოლოო გადაწყვეტილებები "დასაბუთებული" უნდა იყოს.76ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ასევე მოითხოვს, რომ სასამართლოებმა მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები დაასაბუთონ.77სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოსამართლეებს გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება ან თუ მხარეები განაცხადებენ, რომ გადაწყვეტილების უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას არ აპირებენ.78
მოსამართლეთა ანგარიშვალდებულება შესაძლოა იმ გარემოებამ შეამციროს, რომ, როგორც ვენეციის კომისიამ აღნიშნა, ისინი "თითქმის აბსოლუტური იმუნიტეტით"79სარგებლობენ, რომელიც ყველა სახის სისხლის სამართლის დანაშაულზე, მათ შორის, კორუფციაზეც, ვრცელდება.
ანგარიშვალდებულება(პრაქტიკა)
ქულა: 25
რამდენად აგებენ პასუხს მოსამართლეები მათ ქმედებებზე პრაქტიკაში?
მოსამართლეთა ანგარიშვალდებულება პრაქტიკაში სათანადოდ უზრუნველყოფილი არ არის და მათ ხშირად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები გამოაქვთ. მოსამართლეთა წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრების მაღალი რაოდენობა მიანიშნებს, რომ ასეთი საჩივრების წარდგენა პრაქტიკაში ადვილია, თუმცა მათზე რეაგირება ყოველთვის გამჭვირვალედ არ ხდება.
პრაქტიკაში, მოსამართლეები ხშირად მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებს არ ასაბუთებენ. სახალხო დამცველი 2009 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავდა, რომ მოსამართლეების მიერ შუალედური და საბოლოო გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა "სასამართლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია."80სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ხშირად მოსამართლეები ეჭვმიტანილებს წინასწარ პატიმრობას უსჯიან და ადვოკატთა შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარს დაუსაბუთებლად ამბობენ; ამასთანავე, ისინი კანონის კონკრეტულ დებულებებზე ისე მიუთითებენ, რომ არ განმარტავენ, თუ რატომ ეხება ისინი განსახილველ საქმეს.81სასამართლოების მიერ გამოტანილ საბოლოო გადაწყვეტილებებში ასევე ხშირად არ არის მითითებული, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნა ისინი მიღებული. ამასთან ერთად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მოსამართლეები სხვადასხვა გადაწყვეტილებებისთვის ერთ შაბლონს იყენებენ და მასში მხოლოდ საქმეში მონაწილე პირების სახელებს და გვარებს ცვლიან.82
როგორც ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული კანონის დებულებების შესახებ ქვეთავში აღინიშნა, მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრების წარდგენა შეიძლება როგორც სასამართლოებში, ისე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ეს საჩივრები შეიძლება, შემდგომ, დისციპლინარულ კოლეგიას გადაეგზავნოს. პრაქტიკაში, საჩივრების მთავარი ადრესატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. 2009 წელს საბჭოში წარდგენილი 1,175 საჩივრიდან მოსამართლის მიმართ დისციპლინარულ კოლეგიაში დისციპლინარული სამართალწარმოების დაწყება მხოლოდ 22 საჩივარს (ანუ საერთო რიცხვის ორ პროცენტზე ნაკლებს) მოჰყვა. ამ მონაცემების განმარტება სხვადასხვანაირად შეიძლება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ან იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ატარებს სათანადო დისციპლინარულ ღონისძიებებს მოსამართლეების მიმართ, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ საჩივრის წარდგენის პროცედურის სიიოლე მოსამართლეების წინააღმდეგ დიდი რაოდენობით დაუსაბუთებელი უსაფუძვლო საჩივრების წარდგენას განაპირობებს. "ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის" მოსაზრებით, დისციპლინარული სამართალწარმოების პროცესი საკმარისად გამჭვირვალე არ არის და მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების საფუძვლები ხანდახან ბუნდოვანი ან სუბიექტურია.83
მომჩივანთა დასაცავად გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. რადგან კანონი ასეთი ზომების გატარებას არ ითვალისწინებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი პრაქტიკაში ხორციელდებოდეს. ამავე დროს, რადგან არ არსებობს ინფორმაცია მომჩივანთა შევიწროების შესახებ, სავარაუდოა, რომ ეს საკითხი ამჟამად საქართველოში სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს.
ქულა: 75
რამდენად არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას უზრუნველყოფს?
საქართველოს კანონმდებლობა მოსამართლეთა კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ მრავალ დებულებას შეიცავს, მაგრამ ამ წესებიდან ზოგიერთი საკმაოდ ორაზროვანი და არაპირდაპირია. ამასთან ერთად, არ არსებობს ნორმები, რომლებიც თანამდებობის დატოვების შემდეგ მოსამართლეების კერძო სექტორში დაუყოვნებლივ დასაქმებაზე შეზღუდვებს დააწესებდა.
როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო საქმეებში, მხარეებს უფლება აქვთ, მოსამართლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით საჩივარი აღძრან,84ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის საქმიანობაში ინტერესთა შეუთავსებლობა წარმოიშობა, ის ვალდებულია, უარი თქვას საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.85
კანონი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" (და, შესაბამისად, ამ კანონში ჩამოყალიბული ანტიკორუფციული ნორმები) მოსამართლეებსაც ეხებათ. შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, საჯარო სამსახურის ბიუროში ყოველწლიურად წარადგინონ ქონებრივი დეკლარაციები. მოსამართლეებს უფლება არ აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში და ეწეოდნენ რაიმე სახის ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა "სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა." კანონი ადგენს იმ საჩუქრების მაქსიმალურ ღირებულებას, რომელთა მიღებაც მოსამართლეებს წლის განმავლობაში შეუძლიათ (წლიური ანაზღაურების 15 პროცენტი) და, ასევე, თითო საჩუქრის მაქსიმალურ ღირებულებას (წლიური ანაზღაურების 5 პროცენტი).86
ამ კანონების გარდა, არსებობს ასევე სამოსამართლო ეთიკის კოდექსი, რომელიც საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ მიიღო. ეს დოკუმენტი მოსამართლეებს, სხვა მოვალეობების დაწესებასთან ერთად, იმის უზრუნველყოფას ავალდებულებს, რომ მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა არ მოახდინოს პოლიტიკურმა ინტერესებმა ან საზოგადოებრივმა აზრმა. მოსამართლეებს ასევე ეკრძალებათ ისეთ საქმიანობაში ჩაბმა, რომელმაც შეიძლება სასამართლოების ან მოსამართლეთა დამოუკიდებლობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინოს.87
მიუხედავად იმისა, რომ ამ ნორმების მიღება უდავოდ დადებითი ფაქტია, ისინი გარკვეულწილად ბუნდოვანია და არ აზუსტებს, თუ კონკრეტულად რა ტიპის ქმედებებია აკრძალული. ამასთან ერთად, კანონმდებლობა არ შეიცავს დებულებებს, რომლებიც ქმედით შეზღუდვებს დააწესებდა სასამართლოს დატოვების შემდეგ მოსამართლეთა დასაქმებასთან დაკავშირებით.
კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის მექანიზმები (პრაქტიკა)
ქულა: 50
რამდენად უზრუნველყოფილია მოსამართლეთა კეთილსინდისიერება პრაქტიკაში?
მოსამართლეები კეთილსინდისიერებათან და ეთიკასთან დაკავშირებულ არსებულ წესებს კარგად იცნობენ და ბოლო წლებში სასამართლო სისტემაში მექრთამეობა ფაქტობრივად აღმოიფხვრა. ამის მიუხედავად, აღმასრულებელი შტოს გადამეტებული გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე (რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ქვეთავში უფრო დეტალურად არის განხილული) შეიძლება ზოგჯერ ასუსტებდეს მოსამართლეების უნარს, დაიცვან კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კანონის მოთხოვნები.
როგორც ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებს, მოსამართლეები არსებულ ეთიკისა და კეთილსინდისიერების წესებში სპეციალურ სწავლებას გადიან, რის შედეგადაც, აღნიშნული წესები ყველა მოსამართლემ იცის. ამის მიუხედავად, აღნიშნული ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, ამ წესების დაცვაზე მონიტორინგი ხორციელდება თუ არა.88ეთიკის წესების პრაქტიკაში ეფექტურ შესრულებასთან დაკავშირებით ეჭვი "ამერიკის ადვოკატთა ასოციაციამაც" გამოთქვა.89
ის გარემოება, რომ ბოლო წლებში სასამართლოში კორუფცია "ძალზე იშვიათი"90გახდა, შესაძლოა, არსებული ანტიკორუფციული წესების ეფექტურობაზე მიუთითებდეს. 2004-2005 წლებში მთავრობის მიერ წარმოებულმა ანტიკორუფციულმა ღონისძიებებმა (მათ შორის, მოსამართლეების დაპატიმრებებმა და კორუფციის ფაქტების გახმაურებამ) მოსამართლეების მიერ მოქალაქეებისგან ქრთამის აღება იშვიათ მოვლენად აქცია. ამის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი (რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ქვეთავშია განხილული) იძლევა შეშფოთების საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები პროკურატურისა და ზოგადად აღმასრულებელი შტოს ზეწოლის პირობებში კეთილსინდისიერების შენარჩუნებას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთმა ექსპერტმა, რომელსაც "საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველო" გაესაუბრა, აღნიშნა, რომ როდესაც მთავრობა სასამართლო პროცესის შედეგით ძალიან არის დაინტერესებული, მოსამართლეები იძულებულნი არიან, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც მთელი სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერებას ამცირებს.91
მოსამართლეები კანონის შესაბამისად წარადგენენ ქონებრივ დეკლარაციებს და მათი გაცნობა შესაძლებელია საჯარო სამსახურის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე.92თუმცა, ისევე, როგორც სხვა საჯარო მოხელეების შემთხვევაში, მოსამართლეთა დეკლარაციების შინაარსის დეტალურად შესწავლისა და (დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში) სანქციების დაწესების სპეციალური მექანიზმი არ არსებობს.
როლი: აღმასრულებელ შტოზე ზედამხედველობა (კანონი და პრაქტიკა)
ქულა: 25
რამდენად ეფექტიანად ახორციელებს სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელი შტოს ზედამხედველობას?
სასამართლო ხელისუფლებას აღმასრულებელი შტოს ზედამხედველობის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები გააჩნია. ამის მიუხედავად, სასამართლოებზე მთავრობის მძლავრი გავლენის გამო, ეს უფლებამოსილებები პრაქტიკაში ეფექტიანად არ გამოიყენება.
კანონმდებლობა სასამართლო ხელისუფლებას აღმასრულებელ შტოზე ზედამხედველობის განსახორციელებლად სათანადო უფლებამოსილებებს ანიჭებს. საკონსტიტუცო სასამართლოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილებები პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებზე.93ამასთან ერთად, კონსტიტუცია უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებას, რომ მთავრობის ორგანოების უკანონო ქმედებების შედეგად მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლოსმიმართონ, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ყოველ მოქალაქეს ანიჭებს უფლებას, რომ მთავრობის ორგანოების გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივროს.94
პრაქტიკაში, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი ამცირებს მის უნარს, მოახდინოს აღმასრულებელი შტოს საქმიანობის ეფექტიანი მონიტორინგი.95როგორც ორგანიზაციაFreedom Houseაღნიშნავს, სასამართლოები სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას პროკურატურის მუდმივ ზეწოლას განიცდიან.96სისხლის სამართლის საქმეებში გამამართლებელი განაჩენების ფაქტობრივი არარსებობა (იხილეთ ამ თავის სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ქვეთავი) აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს, რომ სასამართლო ხელისუფლებას არ შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურას წინააღმდეგობა გაუწიოს. სასამართლოებმა ასევე ვერ მოახერხეს, განეხილათ ბოლო წლებში არჩევნების პერიოდში მომხდარი დარღვევები და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცათ.97ერთ-ერთმა ექსპერტმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განუცხადა, რომ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც სახელმწიფოსთან სასამართლო დავებში არიან ჩაბმული, სასამართლოები არ იცავენ.98ეს ყველაფერი აძლიერებს კიდევ ერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომ კერძო მხარეებს სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმის მოგება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუ საქმეში ძლიერი სამთავრობო უწყება ან პოლიტიკური ინტერესი არ ფიგურირებს.99
როგორც "ამერიკის ადვოკატთა ასოცაცია" აღნიშნავს, მაშინაც კი, როდესაც სასამართლოებს სამთავრობო ორგანოების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები გამოქვთ, მათი აღსრულება შეიძლება პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.100ამას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გამოცდილებაც ადასტურებს: ორგანიზაციის სააპელაციო სარჩელი, რომელიც მიმართული იყო თბილისის მერიის უარის წინააღმდეგ, მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, სასამართლომ დააკმაყოფილა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, მერიას მოთხოვნილი ინფორმაცია ჯერაც არ გაუცია.
საქართველოს ამჟამინდელი მმართველი გუნდის დაინტერესება სასამართლო ხელისუფლების საზედამხედველო როლის გაძლიერებით საფუძვლიან ეჭვს იწვევს. მთავრობის ერთ-ერთმა მაღალი რანგის წევრმა ბოლო ხანებში ჟურნალ "ეკონომისტს" განუცხადა, რომ, რადგან ქართულ საზოგადოებაში დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია ჯერ დამკვიდრებული არ არის, ამჟამად სამართლის წარმოება აღმასრულებელ შტოს უკეთ შეუძლია.101
შენიშვნები