მისია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2000 წლის 7 მაისს დაარსდა, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი მისიაა, ვიყოთ საქართველოში მიმდინარე კორუფციის რეფორმის შესახებ პირველწყარო; დავეხმაროთ მთავრობასა და ზოგადად საზოგადოებას იმ სექტორთა რეფორმირების პროცესის წინ წაწევაში, სადაც დღეს კორუფცია ჯერ კიდევ არსებობს; ავაშენოთ და გავაძლიეროთ ინსტიტუტები და ხელი შევუწყოთ კარგ მმართველობას. ბოლო წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გახდა ადვოკატირებაზე დაფუძნებული წამყვანი არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია საქართველოში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გახლავთ საერთაშორისო გამჭვირვალობის ეროვნული ბიურო. თავის მხრივ, საერთაშორისო გამჭვირვალობა წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იბრძვის მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ. ის ერთ გლობალურ კოალიციაში უყრის თავს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესსა და მთავრობებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საკუთარი საერთაშორისო სამდივნოს და 90–ზე მეტი დამოუკიდებელი ეროვნული ბიუროების მეშვეობით მოღვაწეობ სადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა ავრცელებს ცოდნას კორუფციის მავნე შედეგების შესახებ, ახორციელებს პოლიტიკის რეფორმის ადვოკატირებას, მუშაობს მრავალმხრივი კონვენციების იმპლემენტაციის კუთხით და კონტროლს უწევს მთავრობების, კორპორაციებისა და ბანკების მიერ მათ შესრულებას. ეროვნულ დონეზე საერთაშორისო გამჭვირვალობის ეროვნული ბიუროები ემსახურებიან ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას, ახდენენ ქვეყანაში არსებული მთავარი ინსტიტუტების მონიტორინგს და კორუფციის აღმოსაფხვრელად საჭირო რეფორმებს ადვოკატირებენ. ორგანიზაციის მთავარი პრონციპია არ მიემხროს არც ერთ პოლიტიკურ ძალას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მთავარი მიზანია იყოს საქართველოში მიმდინარე კორუფციის რეფორმის შესახებ პირველწყარო როგორც მთავრობისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის, იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან და სხვა ორგანიზაციებთან, რათა შეზღუდოს თანამდებობის პირთა თვითნებობა, ააშენოს და გააძლიეროს ინსტიტუტები და გაადვილოს იმ სექტორების რეფორმირება, სადაც დღეს კორუფცია არსებობს; ამავდროულად ხელი შეუწყოს კარგ მმართველობას პოლიტიკის კეთების უმთავრეს სფეროებში.
ჩვენი ძირითადი მიზნებია:
- უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ კორუფციისა და რეფორმის თაობაზე ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის;
- პროგრამული ღონისძიებებით ვიბრძოლოთ კონკრეტულ სექტორებში არსებული სტრუქტურული კორუფციის წინააღმდეგ;
- დავეხმაროთ მთავრობას გულდასმით შემუშავებული პოლიტიკის შესახებ გეგმის შედგენაში;
- წავახალისოთ რეფორმაში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა;
- ვაწარმოოთ საჯარო პოლიტიკის იმ საკითხთა მიუკერძოებელი ანალიზი, რომლებიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და მისი მოქალაქეებისათვის;
- ხაზი გავუსვათ როგორც საკუთრივ სამართლებრივ ჩარჩოში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებს, ასევე მათ იმპლემენტაციასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ამ უკანასკნელთა გამოსწორების მიზნით რეკომენდაციები მივაწოდოთ სამოქალაქო საზოგადოების აქტორებსა და პოლიტიკის შემქმნელებს.
მიგვაჩნია, რომ სტაბილურობის დასამკვიდრებლად შემდეგი სამი კომპონენტის გაძლიერებაა აუცილებელი და შესაბამისად, მუშაობისას აქცენტს ვაკეთებთ სწორედ ამ სექტორებზე:
კანონის უზენაესობა– ხელს ვუწყობთ კანონების შემუშავებას, გამოქვეყნებასა და იმპლემენტაციას;
სამთავრობო შტოების გაკონტროლება და დაბალანსება– მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ ძლიერ ლიდერებსა და ეფექტურ კანონებს, არამედ ძლიერი ინსტიტუტების განვითარებას;
მოქალაქეთა ჩართულობა და საერთაშორისო ზეწოლა– ჩვენ ინფორმაციით ვამარაგებთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მუშაობენ თავად მთავრობებისათვის.
