საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში
კოალიციური პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებია: ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, ”საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია”, ”ასოციაცია მწვანე ალტერნატივა”.
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ოთხი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია იწყებს საკუთრების უფლების დაცვის კამპანიას ახალ ტურისტულ ზონებში. ასეთი ტიპის პროექტის განხორციელება საქართველოს რეალობაში შექმნილმა მდგომარეობამ გამოიწვია. კერძოდ, ქვეყანაში დაწყებული ინფრასტრუქტურული განვითარების პარალელურად გამოიკვეთა ახალი ტურისტული ზონები, რომელთა მიმართ იზრდება დაინტერესება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე პოტენციური ინვესტორების მხრიდან. ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების მიმართ გამძაფრებული ინტერესის ფონზე, არაერთხელ დაფიქსირდა ამგვარ ზონებში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები. განსაკუთრებით მწვავეა მდგომარეობა სვანეთში, ანაკლიაში, ქობულეთსა და შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელსაც ისინი წლების მანძილზე ფლობდნენ. ასეთ სიტუაციაში ინფორმაციის ნაკლებობისა და სათანადო სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ხდება უკანონო მოპყრობისა და უფლებების შელახვის მსხვერპლი.
მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძოდ უფლებადამცველ ორგანიზაციათა მხრიდან სათანადო ყურადღების მიქცევა საკუთრების უფლების დაცვის საკითხებზე. განსაკუთრებით აქტუალურია საკუთრების უფლების დაცვის კონტექსტში ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სათანადო სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა და განსახლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ლობირება.
პროექტის მიზანია საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა და კანონით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული საკუთრების უფლებისა და გარანტიების პრაქტიკაში დანერგვა ახალ ტურისტულ ზონებში.
ერთობლივი პროექტი ხორციელდება მედია კამპანიის, სამართლებრივი დახმარების, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და „განსახლების“ პოლიტიკის შემუშავების ინიცირების გზით.
