მაჟორიტარების პროექტი: ინფორმირებული მოქალაქეები და ანგარიშვალდებული მთავრობა
პროექტის მიზანი იყო, გაეუმჯობესებინა ურთიერთობა მაჟორიტარ პარლამენტის წევრებსა და მათ ამომრჩევლებს შორის, აგრეთვე ხელი შეეწყო კანონმდებლობითი პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და ამ პროცესში მისი მონაწილეობისათვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” სამ თვეში ერთხელ მართავდა საჯარო შეხვედრებს 57 რაიონში მაჟორიტარი პარლამენტის წევრებთან და მათი რაიონული ბიუროების წარმომადგენლებთან ერთად. ამ შეხვედრებზე მოქალაქეები იღებდნენ ინფორმაციას პარლამენტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და მისი სამომავლო გეგმების შესახებ; გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, მაჟორიტარებისათვის გაეცნოთ ადგილობრივ დონეზე არსებული უმთავრესი პრობლემები და გაეზიარებინათ მათთვის საკუთარი მოსაზრებები პარლამენტის საქმიანობის თაობაზე.
პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აგრეთვე აფასებდა მაჟორიტართა ბიუროების საქმიანობას, მის დამაბრკოლებელ ადმინისტრაციულ ბარიერებს და ბიუროების თანამშრომელთათვის ატარებდა სწავლებას მათი კვალიფიკაციის ამარლების მიზნით.
მთლიანობაში 188 საზოგადოებრივი შეხვედრა ჩატარდა, 176 რაიონული და 12 რეგიონალური, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს 9 რეგიონის 57 რაიონის 5 000-ზე მეტი ადამიანმა მიიღო. ამ შეხვედრებზე მოსახლეობას გააცნეს შემდეგი კანონები: საგადასახადო კოდექსი, სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მიწების პრივატიზაცია, კანონი ზოგადი განათლების შესახებ, კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიურ სტიპენდიების შესახებ, თვითმმართველობის კანონი, კანონი ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ, ადგილობრივი არჩევნების კანონი, კანონი ადგილობრივი საკუთრების შესახებ, საარჩევნო კოდექსი, შრომის კოდექსი, კანონი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: პარლამენტის წევრთა ვალდებულებები, ამომრჩეველთა უფლებები, საარჩევნო პროცედურები, პარლამენტის სამეთვალყურეო ფუნქცია და მიმდინარე რეფორმები.
ამას გარდა, რეგიონებში მოწყობილ შეხვედრებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მოამზადა და გაავრცელა შემდეგი მასალები რუსულ და ქართულ ენებზე: გზამკვლევი მოქალაქეებისათვის, რომელიც პარლამენტის წევრების უფლება-მოვალეობებსა და მათთან ურთიერთობის გზებზე აწვდიდა ინფრომაციას; ამომრჩეველთა გზამკვლევი, სადაც განმარტებული იყო საარჩევნო პროცედურები; თვითმმართველობის შესახებ ბროშურა, რომელიც ხაზს უსვამდა ადგილობრივი სტრუქტურების ფუნქციებს და მოქალაქეთა უფლებებს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბროშურას პენსიებისა და კომპენსაციების თაობაზე, რომელიც ხსნიდა ახალ წესებს ამ სფეროში; ბროშურას, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პროცედურების, თვითმმართველობის სისტემის, ადგილობრივი ბიუჯეტისა და ადგილობრივი საკუთრების შესახებ ხშირად დასმული კითხვებზე პასუხებს შეიცავდა; ლიფლეტებს საგზაო წესების შესახებ; პოსტერს 9 მნიშვნელოვან კანონზე და ამ კანონებზე პარლამენტის წევრთა ხმის მიცემის ჩანაწერებს და საგაზეთო ჩანართს, რომელიც შეიცავდა ისეთ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატების თაობაზე, როგორიცაა მათი საქმიანობა მათ საარჩევნო ოლქსა თუ პარლამენტში, სესიებზე დასწრება, ხმის მიცემის შედეგები, მათი ფინანსური დეკლარაციები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და სხვა.
პროექტის განხორციელებისას `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” პარლამენტის წევრთა ბიუროების აპარატის თანამშრომლებისათვის ჩაატარა ოთხი ტერნინგი ხუთ სხვადასხვა თემაზე. ტრენინგები ერთი კვირა გრძელდებოდა. დამატებით, მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროს წევრებს ექვის ერთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდა.
