ENG

ბიუჯეტირება სასამართლო სისტემაში 2011-2015 წლები

08 ივნისი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის ანგარიში წარმოადგენს სასამართლო სისტემაში ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვის და მისი როგორც სისტემის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორის პირველ სიღრმისეულ ანალიზს.

კვლევამ შემდეგი პრობლემები გამოავლინა:

  1. სასამართლოების ბიუჯეტები ცენტრალიზებულად, ანუ ზემოდან ქვემოთ იგეგმება, რის გამოც ეს ბიუჯეტები არ ასახავს სასამართლოების საჭიროებებს.
  2. სასამართლო სისტემის ბიუჯეტების დაგეგმვაში არის სხვა არაერთი ხარვეზი, მაგ., იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაერთი ხარჯის გაწერა არა წინასწარ, არამედ უშუალოდ ხარჯვის პროცესში ხდება. წლის დასაწყისში ვერ ხდება შესყიდვებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის შესაბამისად დაგეგმვა. მაგ., 2012 წ. ბიუჯეტის გეგმის დაზუსტების შემდეგ მსუბუქი ავტომანქანების შესყიდვებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 1500%-ით გაიზარდა (50,000 ლარიდან 813,295 ლარამდე), რაც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენს;
  3. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2014 და 2015 წლების ბიუჯეტებით აღებული აქვს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გამჭირვალობის და საჯაროობის პროცესის გაგრძელების ვალდებულება, მაშინ როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება საერთოდ არ ვრცელდება უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებზე; 
  4. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში  არ არსებობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის ისეთი უმთავრესი ელემენტი, როგორიცაა შიდა აუდიტი 

ჩვენი რეკომენდაციით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა და იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ აუცილებელია:

  • მოახდინონ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვის შედეგებზე ორიენტირება და მთლიანობაში გაუმჯობესება;
  • მოახდინონ საკუთარი ფინანსური უფლებამოსილებების დანაწევრება, არამიზნობრივი ხარჯვის და სხვა რისკების შესამცირებლად;
  • საკუთარი მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი თანხები შესაბამისი საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვებით განსაზღვრონ.

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რაც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული

ბიუჯეტირება სასამართლო სისტემაში 2011-2015 წლები