ENG

რა ბედი ელით საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ ადამიანებს

17 ივლისი, 2017

 

დღეს, 17 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველ არხზე ყველა გადაცემა იხურება. ახალი სეზონიდან “მოამბე”, კონკურსში გამარჯვებული გადაცემები და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სოციალურ-პოლიტიკური პროგრამები გავა ეთერში, თუმცა ჯერჯერობით სამაუწყებლო ბადე ცნობილი არ არის. გაურკვეველი დროით იხურება გადაცემები მეორე არხზეც. მაუწყებლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, “მეორე არხის ადამიანური რესურსის გარკვეული ნაწილი გადაინაცვლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით, სხვადასხვა პოზიციაზე”, თუმცა  რა პრინციპით დატოვებენ თანამშრომელებს, უცნობია.

კიდევ უფრო ბუნდვანია ამ არხებზე დასაქმებული ადამიანების მომავალი. საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმების გაუმჭვირვალობა წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე საჯარო კონკურსების მატების ტენდენცია შეინიშნებოდა, ახალი მენეჯმენტის პირობებში საკადრო გადაწყვეტილებები კვლავ გაუმჭვირვალედ მიიღება. ერთი მხრივ, ეს ეხება ტელეკომპანია GDS-დან კონკურსის გარეშე მიღებულ კადრებს, მეორე მხრივ კი კონსულტანტებს, რომლებმაც მუშაობა მაუწყებელში ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ მალევე დაიწყეს. ამ ტენდენციამ კიდევ უფრო გაართულა მაუწყებლისთვის ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, გამჭვირვალე სახელფასო პოლიტიკისა და სამუშაოს შეფასების სამართლიანი სისტემის დანერგვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გამოითხოვა  ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან ან რამდენი თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. არხზე გადაცემების დახურვიდან ერთი კვირით ადრე, 10 ივლისის მონაცემებით, საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულება შეუწყდა 54 ადამიანს და გაუგრძელდა 58 ადამიანს, მათ შორის 22 ადამიანი გადავიდა პროექტში “თვითმმართველობის არჩევნები 2017”, რომელიც 2017 წლის პირველ ნოემბრამდე გრძელდება. ასევე წერილში აღნიშნულია, რომ “საშტატო განრიგი დამტკიცებული არ არის”, ხოლო “განმარტების გაკეთება იმის შესახებ, თუ რას აპირებს და გეგმავს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი საკადრო საკითხთან დაკავშრებით, არ წარმოადგენეს საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს:

  • განმარტოს რა პრინციპით ათავისუფლებენ და ტოვებენ არხზე თანამშრომლებს;

  • უმოკლეს დროში დაამტკიცოს საშტატო განრიგი;

დასაქმების პოლიტიკის მაქსიმალური გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ

  • არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაქმების პოლიტიკის შესახებ;

  • დასაქმებული ადამიანები ინფორმირებულები იყვნენ თავიანთ მომავალთან დაკავშირებით;

  • ორგანიზაციაში არსებულმა დაძაბულმა გარემომ არ მოახდინოს გავლენა მათ შრომის ნაყოფიერებასა და არხზე მომუშავე გუნდების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქტიურად დააკვირდება მაუწყებელზე მიმდინარე რეფორმას და მზად არის უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ გათავისუფლებას დაკავებული პოზიციიდან უკანონოდ ან უსამართლოდ მიიჩნევენ.

შენიშვნა: ტექნიკური ხარვეზის გამო, მოგვიანებით მივიღეთ ინფორმაციის ნაწილი, შესაბამისად, იმ თანამშრომლების რაოდენობა, რომელსაც ხელშეკრულება შეუწყდა და გაუგრძელდა, თავდაპირველ ვარიანტში არ იყო ასახული.