ENG

ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისში ტერიტორიების გადაცემის პროცესი კეთილსინდისიერი მმართველობის პრინციპებს არღვევს

10 ოქტომბერი, 2017

დღეს, 10 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოში იგეგმება გადაწყვეტილების მიღება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თავისუფლების მოედანზე (პუშკინის სკვერის მიმდებარედ) და ოქროყანაში („პანორამა თბილისის“ მშენებარე კომპლექსის სიახლოვეს) მდებარე ტერიტორიების გადაცემის შესახებ.

მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ტერიტორიების ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისათვის პრეფერენციული პირობებით გადაცემის შესახებ სუსტად არის დასაბუთებული, არ ემყარება ცალსახა საჯარო ინტერესს და კითხვებს ბადებს ქალაქის ხელისუფლების მოტივაციის თაობაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებთ, რომ გადაწყვეტილების ბენეფიციარი მმართველი პარტიის დამაარსებელია. საგულისხმოა, რომ ‘პანორამა თბილისის’ პროექტის გარშემო შესაძლო კორუფციის რისკებთან დაკავშირებით ჩვენ გასულ წელსაც ვსაუბრობდით. დასანანია, რომ სახეზეა იმავე პროცესების გაგრძელება.

გარდა ამისა, შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების განხილვაზე არ დაუშვეს არც დაინტერესებული მოქალაქეები და არც საქართველოს პარლამენტის წევრები, რაც საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა დარღვევაა და ასევე ეწინააღმდეგება ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს.

მოვუწოდებთ თბილისის ხელისუფლებას, რომ ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით, ასვევე უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების ჩართულობა და პროცესის ღიაობა. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში, უზრუნველყონ წესრიგი და არ შეუქმნან დაბრკოლობები იმ პირებს, რომლებსაც საკრებულოს სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება აქვთ.