ENG

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურებიან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს

30 სექტემბერი, 2013

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. პირველ რიგში, გვსურს კმაყოფილება გამოვთქვათ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთობლივი წინადადებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა. აღნიშნული ცვლილებების საქართველოს პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება პროფესიული ნიშნით, მათი კვალიფიკაციისა და შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია კანონპროექტით შემოთავაზებული კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის იმ პუნქტებს, რომლებიც განსაზღვრავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა არჩევის წესს და ადგენს, რომ კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ სამ კანდიდატურას ასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ სამ კანდიდატურას ასახელებენ ის საპარლამენტო ფრაქციები (ფრაქცია), რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები.

შემოთავაზებული ცვლილებებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა არჩევის აღნიშნული წესი უქმდება და ცვლილებების მიღების შემთხვევაში, კომისიის ხუთივე წევრის შერჩევა მოხდება ღია კონკურსით. ამ შემთხვევაში, ის საპარლამენტო ფრაქციები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები მოკლებული იქნებიან ფაქტობრივ შესაძლებლობას საქართველოს პარლამენტმა მათ მიერ დასახელებული სუბიექტებიდან აირჩიოს კომისიის წევრები.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საფუძველი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა გახდა.

მიგვაჩნია, რომ ცვლილება, რომლის თანახმადაც საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო ფრაქციებს (ფრაქციას), რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს აღარ ექნებათ კანდიდატურების დასახელების შესაძლებლობა, არ არის განპირობებული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების არჩევის წესის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. შემოთავაზებული ცვლილებებით ძირეულად იცვლება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკომპლექტების წესი.

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით პარლამენტს წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს.

აღნიშნული ნორმა ადგენს მხოლოდ ზოგად წესს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული მარეგულირებელი ორგანიების წევრთა კანდიდატურები მთავრობასთან შეთანხმებით უნდა წარადგინოს. თუმცა, პროცედურა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის კანდიდატურების წარდგენა, რის საფუძველზე უნდა მოხდეს მსურველთა განცხადებების მიღება და რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს მათი შერჩევა, კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული. ამას ადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

დღეს მოქმედი წესით საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე, ის საპარლამენტო ფრაქციები (ფრაქცია), რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატის ნომინირებას ახდენენ პრეზიდენტთან. შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს კანდიდატურებს ამ სუბიექტთა მიერ დასახელებული კანდიდატურებიდან. მიგვაჩნია, რომ მოქმედი წესი არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის იმ რედაქციასთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.

ვფიქრობთ, რომ კანონში ისეთი ძირეული ცვლილებების განხორციელება, რომლებიც არ არის დაკავშირებული ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანასთან, არ უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო დისკუსიის საფუძველზე და საზოგადოების ჩართულობით. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემადგენლობაში შედიოდეს იმ საპარლამენტო ფრაქციების (ფრაქციის), რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან შერჩეული წევრი. აღნიშნული უზრუნველყოფს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საპარლამენტო უმცირესობის ინტერესების წარმოდგენას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიულ რესპუბლიკაში სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტისას.

Media