ENG

Chemikhma.ge თბილისის მერის არჩევაში დაგეხმარება

10 ოქტომბერი, 2017

Chemikhma.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს მიერ შექმნილი ვებგვერდია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.

ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 20 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე, მოცემულია ამ კითხვებზე თბილისის მერობის შემდეგი 6 კანდიდატის1 პასუხები:

  • ალექსანდრე ელისაშვილი - საინიციატივო ჯგუფი

  • გიორგი ვაშაძე - საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”

  • კახა კუკავა - საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”

  • ზაალ უდუმაშვილი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

  • თენგიზ შერგელაშვილი -  „შენების მოძრაობა“

  • ელენე ხოშტარია - საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”

ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეავსოს იგივე კითხვარი და გაიგოს, თუ  მერობის რომელი კანდიდატის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელს ვებგვერდი აჩვენებს შედეგს, თუ რომელ კანდიდატთან რამდენ პროცენტიანი თანხვედრა აქვს.

პროცენტული თანხვედრა გამოითვლება შემდეგნაირად: თუ კონკრეტულ კითხვაზე ვებგვერდის მომხმარებლისა და თბილისის მერობის კანდიდატის პასუხები სრულიად იდენტურია, ამ კითხვაში კანდიდატს მიენიჭება 100%. თუ ამომრჩევლისა და კანდიდატის პასუხები არ არის სრულიად იდენტური, მაგრამ მსგავსია, კანდიდატს მიენიჭება 75%. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩევლისა და კანდიდატის პასუხები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, კანდიდატს ენიჭება 0%.

კითხვარის სრულად შევსების შემდეგ ყველა კითხვის შედეგი ჯამდება და მიღებული რიცხვი იყოფა 20-ზე, ანუ კითხვების რაოდენობაზე, რის შედეგადაც გამოითვლება ვებგვერდის მომხმარებლისა და თითოეულ მერობის კანდიდატის შორის საშუალო პროცენტული თანხვედრა.

1. კითხვარი, ასევე, გაეგზავნა კიდევ სამ კანდიდატს - ირმა ინაშვილს, კახა კალაძეს და გიორგი გუგავას, რომლებმაც პასუხები არ მოგვაწოდეს.