ENG

თბილისის მერიის დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერესთა კონფლიქტი

01 სექტემბერი, 2017

 

 

2017 წლის 31 აგვისტოს მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ბრალდებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე დააკავა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის რანგში სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის (ე.წ. ზონალური საბჭოს) წევრი იყო.

 

ვინაიდან კომისია პასუხისმგებელია თბილისის მთავრობისთვის ქალაქის განაშენიანების, მიწათსარგებობის, სპეციალური ზონალური შეთანხმების დადებისა და სხვა საკითხებზე დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებაზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ამჟამად იკვლევს მისი წევრების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებსა და კორუფციის რისკებს.  ამ მიზეზით ორგანიზაციას შესწავლილი აქვს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან ლევან ძაგნიძესთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის რისკებიც.

 

ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, ლევან ძაგნიძე 2014-2016 წლებში იკავებდა არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილისა და სანებართვო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებს. ის სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს არქიტექტორიც იყო. ამავე დროს, ლევან ძაგნიძე 2013 წლიდან (მათ შორის თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და ზონალურ საბჭოში საქმიანობის პერიოდშიც) არის შპს A3-ის ერთ-ერთი დირექტორი და 33%-იანი წილის მფლობელი. კომპანიის წესდებით, მისი საქმიანობის სფეროებია არქიტექტურული საქმიანობა, პროექტირება და დიზაინი, ფართების ლეგალიზება, აზომვითი სამუშაოები და არქიტექტურული კონსულტაცია. ქონებრივ დეკლარაციებში ლევან ძაგნიძეს მითითებული არ აქვს, რომ გარდა შპს A3-ის მეწილეობისა, ის დირექტორის პოსტსაც იკავებდა. ეს ეწინააღმდეგება “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმად, თანამდებობის პირი ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ფორმის ჩათვლით.

 

ლევან ძაგნიძე ე.წ. ზონალური საბჭოს წევრი 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით იყო. საინტერესოა, რომ როგორც მისი კომისიაში წევრობის, ასევე მის შემდეგ პერიოდშიც, კომისიამ ლევან ძაგნიძის ბიზნესპარტნიორის გიორგი მირიანაშვილის (შპს A3-ის ერთ-ერთი დირექტორი და 33% წილის მესაკუთრე) 3 განცხადება დააკმაყოფილა ქალაქმშენებლობითი პარამეტრის (მაგალითად, შენობების ნებადართული სიმაღლის) გაზრდაზე. მათ შორის, პირველი თანხმობა 2014 წელს ლევან ძაგნიძის კომისიის წევრობის პერიოდშია გაცემული. განცხადებაში მისამართზე დელისის III ქუჩა N22-ში ფუნქციურ დანიშნულებად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია მითითებული, მთავარი არქიტექტორი კი ალექსანდრე სესიაშვილია, რომელიც A3-ის 34% წილის მესაკუთრე, ერთ-ერთი დირექტორი და შესაბამისად, მირიანაშვილისა და ძაგნიძის ბიზნესპარტნიორია. მირიანაშვილის ამავე შინაარსის (ქალაქმშენებლობითი პარამეტრის გაზრდის) განცხადებაზე ზონალურ საბჭოს 2015 წელს კიდევ 2 თანხმობა აქვს გაცემული. აქედან ერთ-ერთ განცხადებაში თავად შპს "A3"-იც ფიგურირებს.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ სათანადო პრევენციული მექანიზმების არარსებობის პირობებში, საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკები არსებობს, რისი ერთ-ერთი შესაძლო მაგალითი წარმოდგენილი შემთხვევაცაა. ორგანიზაცია აგრძელებს კვლევას ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაში (ე.წ. ზონალური საბჭოს) ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების გამოსავლენად და ანგარიშს სრული სახით მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.