ENG

თანაინვესტირების ფონდის პროექტები 2014 წლისთვის: საჭიროა მეტი გამჭვირვალობა

29 მაისი, 2014

 

2014 წლის მარტში, ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული კერძო საინვესტიციო ფონდის – საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა ხუთი საინვესტიციო პროექტი წარმოადგინა, რომლებსაც აღნიშნული ფონდი დააფინანსებს და აამოქმედებს 2014 წლის ბოლომდე. ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის ფლაგმანი პროექტი „პანორამა თბილისი“ დაახასიათა, როგორც: „საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის უძრავი ქონების დეველოპმენტი“. „პანორამა თბილისი“ ქალაქის ტურისტულ და ბიზნეს ცენტრებში განლაგებული სასტუმროების, მომსახურებით უზრუნველყოფილი ბინების, ოფისების, საგამოფენო ცენტრების, საკონფერენციო დარბაზებისა და საცურაო აუზების ერთმანეთთან საბაგირო გზებით დამაკავშირებელი მრავალფუნქციური პროექტია.

ქალაქ თბილისის „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაში“ 7 აპრილს ღია შეხვედრა გაიმართა. მერის მოადგილისა და მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, საჭირო იურიდიული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, მერიამ პროექტის  მშენებლობის ნებართვა არ გასცა.

ირაკლი აბესაძისა და თბილისის მერიის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ გადაცემული დოკუმენტების მიხედვით,  თანაინვესტირების ფონდს თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N 4-13 გადაწყვეტილებით (თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ) გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა წარედგინა, როგორიცაა, მაგალითად, დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური გამოკვლევა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, გაანგარიშება, თუ რამდენ კვადრატულ მეტრზე მოხდება ნაგებობების აშენება, სად იგეგმება მშენებლობა და რა აშენდება (მოთხოვნების სრული სია და თანაინვესტირების ფონდის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ დანართში).

თანაინვესტირების ფონდმა მერიას ოფიციალური განცხადებით მიმართა (27.03.2014 და 02.04.2014), რომლითაც მშენებლობის ნებართვას ითხოვდა. განაცხადს თანდართული ჰქონდა ივანიშვილის სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის 8 ფოტო და 5 რუკა, რომლებზეც დატანებული იყო მიწის საზღვრები, ასევე პანორამა თბილისის საბოლოო ვარიანტის ციფრული მოდელის 6 სურათი. მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნული დოკუმენტები არასაკმარისად მიიჩნია. თანაინვესტირების ფონდი კი მიიჩნევს, რომ „ყველა საჭირო დოკუმენტი იქნა წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისად“ და გეგმავს, რომ ხელახლა მიმართოს კომისიას.

 ციფრული მოდელი - თანაინვესტირების ფონდის პროექტი "პანორამა თბილისი", სოლოლაკის ბაღები.

როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, „პანორამა თბილისი“ 270,000 კვ.მ.-ის ფართობს მოიცავს და თავისუფლების მოედანზე, ერეკლეს მოედანზე, სოლოლაკის ფერდობზე და სოლოლაკის ბაღების ტერიტორიაზე აშენდება– ანუ იმ ადგილებში, რომლებსაც, აბესაძის თქმით, მათი ისტორიული მნიშვნელობის გამო, სპეციალური სამართლებრივი სტატუსი აქვთ მინიჭებული.

ბაჩიაშვილის განცხადებით, ფონდმა უკვე შეისყიდა საჭირო მიწა, მათ შორის გარკვეული მიწის ნაკვეთები ივანიშვილისაგან „ქართუ ჯგუფის“ მეშვეობით. კომისიის სხდომას თანაინვესტირების ფონდის და ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართუ ბანკის“ რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა. ფონდის განცხადებით, ქართუ ბანკის თანამშრომლები აგრევე „მუშაობენ პანორამა თბილისის პროექტზე“.

სოლოლაკის ბაღების ტერიტორიის ამსახველი ფოტოსურათი,
მდებარეობა - თანაინვესტირების ფონდის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სახლის გვერდით. 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი თბილისის მერიის გადაწყვეტილებაზე გვაფიქრებინებს, რომ  ივნისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში ქალაქის ხელისუფლება „პანორამა თბილისის“ განხორციელებაზე ნებართვას გასცემს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს თანაინვესტირების ფონდს წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია და სრულად დააკმაყოფილოს კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.  

თანაინვესტირების ფონდის ფინანსური მხარდამჭერები

ბაჩიაშვილის განცხადებით,   პანორამა თბილისისათვის ინვესტიციების საერთო მოცულობა  ნახევარი მილიარდი დოლარი იქნება, ხოლო „თითოეული ინვესტიცია ინიცირებული იყო ფონდის თანაინვესტორისგან“. საზოგადოებისა და ჟურნალისტების კითხვები შეეხებოდა იმას, თუ ვინ არიან პანორამა თბილისის თანაინვესტორები. თანაინვესტირების ფონდმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უპასუხა, რომ „ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ინვესტორი, მაგრამ მას შესაძლებელია შეუერთდნენ სხვა ინვესტორებიც... განვითარების ნებისმიერ ეტაპზე“.

2013 წლის სექტემბერში თანაინვესტირების ფონდის ჩამოყალიბების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ფონდს რეკომენდაცია მისცა, უზრუნველეყო მისი ინვესტორების ვინაობის გამჭვირვალობა და ასევე იმ პროექტებისა, რომლებშიც მათ სურთ ინვესტიციების ჩადება. თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, შეზღუდული პარტნიორობის შეთანხმების გამო, მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ ან უარყონ მათი ამჟამინდელი პარტნიორების ვინაობა.

ზოგიერთი არაოფიციალური წყაროს მიხედვით, ფონდის შეზღუდული პარტნიორები არიან:

  • დაბი გრუპი (UAE);
  •  RAK Investment Authority (UAE);
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი;
  • Batumi Industrial Holdings Limited (მფლობელი – ყაზახეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული KazTransOil-ი);
  • Calik Holdings A.S (თურქეთი);
  • Milestone International Holdings Group Limited (ჩინეთი);
  • ბიძინა ივანიშვილი;
  • ალექსანდრ მაშკევიჩი;
  • ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.

ფონდი აცხადებს, რომ ის ვალდებულია დაიცვას შეზღუდული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებების პირობები და ამდენად უფლება არ აქვს დაადასტუროს ან უარყოს, თუ ამჟამინდელი შეზღუდული პარტნიორებიდან რომლებს აქვთ განზრახული ინვესტირება ამა თუ იმ პროექტში, და რა მოცულობის იქნება მათი ინვესტიციები. ამავე დროს, ფონდის თქმით, თუ ფონდს ახალი შეზღუდული პარტნიორები დაემატებიან, მათი ვინაობა საჯაროდ გამოცხადდება. ამ დრომდე მხოლოდ ერთმა დამფინანსებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა საჯაროდ თანაინვესტირების ფონდში მონაწილეობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ თანაინვესტირების ფონდმა საჯაროდ უნდა განაცხადოს, თუ ბიძინა ივანიშვილთან ერთად კიდევ ვინ ახორციელებს ინვესტირებას ფონდის პროექტებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ თანაინვესტირების ფონდმა შეიძლება სარგებელი მოუტანოს საქართველოს ეკონომიკას და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას. თუმცა, გამჭვირვალობა აუცილებელია საქართველოში ინვესტორების მოსაზიდად, იმისდა მიუხედავად, ამ ინვესტორებს თანაინვესტირების ფონდის პარტნიორობა სურთ თუ მისი კონკურენტი პროექტების მხარდაჭერა. მეტიც, ფონდის გამჭვირვალობა საშუალებას მისცემს საზოგადოებას და სხვა ინვესტორებს, ქმედითი მონიტორინგი გაუწიონ ახლანდელ მთავრობას და ეკონომიკის მდგომარეობას.

მაგალითად, ფონდის მიერ დასახელებული ერთი-ერთი ინვესტორი, ალექსანდრე მაშკევიჩი, მილიარდერი ყაზახეთის მომპოვებელ მრეწველობაში გახდა. 2011 წლის ივნისში ბელგიის სახელმწიფო პროკურორმა მაშკევიჩსა და მის ორ ბიზნეს პარტნიორს ჯარიმის სანაცვლოდ ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდება მოუხსნა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სისხლის სამართლის საქმე იყო ბელგიაში.

ფონდის ინვესტორია ასევე აჰმედ ჩალიკი, Calik Holdings-ის დამფუძნებელი და ამჟამინდელი თავმჯდომარე, რომელსაც მჭიდრო საქმიანი და პოლიტიკური კავშირები ჰქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვთან, იგივე „თურქმენბაშისთან" (იხილეთ ადრე გამოქვეყნებული ბლოგპოსტი).

ენერგეტიკული პროექტები

თანაინვესტირების ფონდმა გამოაცხადა ორი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი: მტკვრის ჰიდროელექტროსადგური (საერთო საინვესტიციო ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარი) და ცხენისწყალი (678 მლნ აშშ დოლარი). 2014 წლის 16 მაისს ფონდმა Caucasus Energy & Infrastructure JSC (CEI)–ისგან მტკვარი ჰესი სრულად შეიძინა.

მტკვარი ჰესი

მტკვარი ჰესი ახალციხეში, მდინარე მტკვარზე მდებარეობს და 53.3 მეგავატი საერთო სიმძლავრე გააჩნია. ჰესის მშენებლობა თავდაპირველად 2009 წლის ნოემბერში დაიწყო. CEI-ის აღმასრულებელი დირექტორის ბიძინა ბეჟუაშვილის განცხადებით, პროექტის განახლების შემდეგ ჰესის მშენებლობას კიდევ  2,5-3 წელი დაჭირდება.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე - sknews.ge

სასესხო განაცხადის  მიხედვით, რომელიც მტკვარი ჰესს უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციისაგან (OPIC) უნდა მიეღო (მაგრამ არ მიუღია):

"პროექტი იმ გათვლით შემუშავდა, რომ იგი ისარგებლებს საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი 400-500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზით – ე.წ. „შავი ზღვის მაღალი ძაბვის ხაზით“. ხაზი საქართველოს ენერგოსისტემის პროვაიდერებს საშუალებას მისცემს, ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელონ  თურქეთში და შემდგომ დანარჩენ კონტინენტურ ევროპაშიც, რაშიც მათ  „ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების  ევროპულ ქსელში " თურქეთის წევრობა დაეხმარება.“

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ვებ გვერდზე განთავსებული პრეს რელიზი.

ცხენისწყლის ჰესი

ცხენისწყალი, 347 მეგავატის სიმძლავრის კასკადური ჰესი, ლენტეხისა და ცაგერის რაიონების ტერიტორიაზე მდებარეობს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ეკუთვნის. მცირე ხნის წინ, 2014 წლის იანვარში, სამინისტრომ ინტერესთა გამოხატვის კონკურსი გამოაცხადა  ჰესის მშენებლობის, ფლობის, ექსპლუატაციის და ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარების  თაობაზე.  წინადადებების  წარდგენის ბოლო ვადა 2014 წლის მარტი იყო.

სამინისტროს საინვესტიციო პროექტების განყოფილების  უფროსის ლიზა თავდუმაძის თქმით, მათ ოთხი წინადადება მიიღეს კომპანიებისაგან, მაგრამ მხოლოდ ორმა მათგანმა წარადგინა საბანკო გარანტიები – რაც კონკურსის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნაა. თავდუმაძე ამბობს, რომ განაცხადების წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ, ის განაცხადები, რომლებსაც საბანკო გარანტია ერთვის და რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს,  საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება, რომელიც  ცხენისწყლის ჰესის მყიდველს აირჩევს. მთავრობა გამარჯვებულს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის" ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი გასაყიდი ფასის შეთავაზების საფუძველზე შეარჩევს, რის შემდეგაც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული დადგენილებით  ოფიციალური გამარჯვებული გამოვლინდება.

თანაინვესტირების ფონდმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ განუცხადა, რომ მონაწილეთაგან ფასის მხრივ ყველაზე კონკურენტუნარიანი შეთავაზება მათ წარადგინეს. „ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ ტენდერის პირობებით გათვალისწინებული საბანკო გარანტია და ახლა ეკონომიკის სამინისტროსგან ველოდებით ფორმალურ გადაწყვეტილებასა და განცხადებას. ჩვენ სატენდერო პროცედურის ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ცხენისწყლის ჰესის შეძენასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე ვიმყოფებით.“

სოფლის მეურნეობის პროექტები

რძის პროდუქტების  ფერმა და გადამამუშავებელი ქარხანა:

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ფონდი დასავლეთ საქართველოში 45 მლნ აშშ დოლარის ღირებულების რძის პროდუქტების ფერმას ააშენებდა. ფერმა ყოველდღიურად 50 ტონა რძის წარმოებას შეძლებს, რაც საქართველოში რძის პროდუქტების იმპორტის 25 პროცენტს ჩაანაცვლებს. ბაჩიაშვილი ამჟამად ამსტერდამში იმყოფება და მოლაპარაკებას აწარმოებს ჰოლანდიურ რძის კომპანია The Friesen-თან. Friesen-მა განაცხადა, რომ 2014 წლის თებერვალში მათ ეწვია შოთა ღვინერია, საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, და  სთხოვა, ხელი შეეწყოთ საქართველოში რძის პროდუქტების სექტორის განვითარებისთვის. კომპანიას აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

პომიდვრის სათბური:

საქართველო–საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმზე, რომელიც  2014 წლის 13 მაისს გაიმართა ფრანსუა ოლანდის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, ფონდმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ფრანგულ სამეურნეო კომპანია Richel Group-თან. ფონდი აღმოსავლეთ საქართველოში პომიდვრის სათბურის აშენებას გეგმავს და ამჟამად თანაინვესტორებს ეძებს. ამ ეტაპზე Richel–ი  პროექტის თანაინვესტორი არ იქნება.

თავდაპირველად მოხდება 10.4 ჰექტარის ათვისება 11.6 მილიონი დოლარის ინვესტიციით. საბოლოოდ პროექტი 35 ჰექტარის ფართობს მოიცავს. თანაინვესტირების ფონდში ამბობენ, რომ წლიური წარმოება 4,500 ტონა პომიდორი იქნება, რაც საქართველოში  პომიდვრის ამჟამინდელი იმპორტის 30 პროცენტს შეადგენს. 

Author: ევა ანდერსონი