ENG

შპს „პარკინგსერვისი“ ქუთაისის მერიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს

09 ნოემბერი, 2017

 

2016 წლის 25 იანვრიდან ქუთაისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა, რაც პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილებში მანქანის გაჩერებისთვის გადასახადის გადახდას გულისხმობს. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება  პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაეცა პარკირების მოსაწესრიგებლად მუნიციპალიტეტის მიერ საგანგებოდ შემქნილ შპს „პარკინგსერვისს. მიუხედავად იმისა, რომ „პარკინგსერვისმა დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარკირება ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში დღემდე პრობლემად რჩება.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო დაინტერესდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მოქმედი შპს „პარკინგსერვისის საქმიანობის ეფექტურობით. მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს „პარკინგსერვისმა ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულზე ბევრად ნაკლები თანხა  შეიტანა. აღნიშნულის გადამოწმებისა და შესაწავლის მიზნით, ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია როგორც ქალაქ ქუთაისის მერიის, ასევე შპს „პარკინგსერვისისგან.

რატომ ვერ შეირჩა შესაბამისი კერძო კომპანია

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქუთაისში პარკინგის საკითხის მოწესრიგება დაევალა არა კერძო კომპანიას, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, არამედ მუნიციპალიტეტის მიერ საგანგებოდ დაფუძნებულ კომპანიას. ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაცით, შპს “პარკინგსერვისის” შექმნამდე, 2014-2015 წლებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალურ ადგილებზე ორგანიზების უფლების სასყიდლით გაცემისათვის ელექტრონული აუქციონი ოთხჯერ გამოცხადდა, კერძოდ 2014 წლის 7 ნომებერს,  2015 წლის 1 აპრილს, 2015 წლის 21 აპრილს და 2015 წლის 5 მაისს. ოთხივე შემთხვევაში მერიის მხრიდან განსაზღვრული პირობები იყო იდენტური და აუქციონებში უფლების გადაცემის საწყის წლიურ საფასურს შეადგენდა 660,000 ლარი. მერიის განმარტებით, აღნიშნული აუქციონები არ შედგა იმის გამო, რომ მონაწილეობის სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. უნდა აღინიშნოს, რომ მერიას აუქციონის განაცხადებში არ შეუტანია არსებითი ცვლილება, თან აუქციონთა განახლება ხდებოდა დროის მცირე ინტერვალში, აუქციონების ჩაშლის მიზეზის აღმოფხვრის გარეშე. მოგვიანებით ქალაქ ქუთაისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს “პარკინგსერვისის” შექმნის შესახებ, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით  გადაეცა  წინა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული იდენტური მიწის ნაკვეთები, თუმცა გაცილებით ნაკლებ თანხად - 460,715 ლარად. ასევე, ახალი იურიდიული პირის ფუნქციონირების დასაწყებად, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2015 წელს 300,000 ლარი გამოიყო.

მერიასა და „პარკინგსერვისს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები

ქუთაისის მერიასა და შპს “პარკინგსერვისს” შორის 2015 წლის 6 ოქტომბერს N28 საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც კომპანიას სარგებლობის უფლებით პარკირების 273 ადგილი გადაეცა და ყოველწლიურ საიჯარო ქირად 460,715 ლარი განესაზღვრა. (2016 წლის 4 თებერვალს საიჯარო ქირა 463,415 ლარამდე გაიზარდა).

ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის 2.2. პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მეიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მოიჯარე არღვევს ხელშეკრულების პირობებს, ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, მერია უფლებამოსილია დააკისროს მოიჯარეს პირგასამტეხლო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში-გადაუხდელი ქირის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში “მოიჯარეს” ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

“პარკინგსერვისის” დანახარჯები და შენატანები ბიუჯეტში

ამჟამად “პარკინგსერვისს” სახელმწიფოს მიმართ 363,415 ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხება. ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში შპს “პარკინგსერვისის” საქმიანობის შედეგად ბიუჯეტში 266,762 ლარი შევიდა. “პარკინგსერვისის” მიერ მოწოდებული დოკუმენტებით დგინდება, რომ 166,762 ლარი წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმების გადახდისგან მიღებულ თანხას, რომელიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შემოსავალს, ხოლო მერიასა და შპს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო თანხიდან “პარკინგსერვისის” მიერ 2016 წელს გადახდილ იქნა მხოლოდ 100,000 ლარი. შპს “პარკინგსერვისმა” საიჯარო ქირის გადაუხდელობის მიზეზად განმარტა ის, რომ 2016 წელი იყო ორგანიზაციის ოპერირების პირველი წელი, რის გამოც საკმაოდ დიდი იყო კაპიტალური დანახარჯები (როგორც ქალაქში პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე ორგანიზაციული ინფრასტრუქტურის გამართვის). თუმცა მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ შპს “პარკინგსერვისის” ფუნქციონირებისათვის გაწეული ხარჯი აღემატება მის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილ თანხას.   შპს-ს შექმნიდან დღემდე პარკირების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დახარჯული აქვს სულ 64 259 ლარი, შრომის ასანაზღაურებლად კი 485,552 ლარი. მათ შორის: 2015 წელს - 65,452 ლარი, 2016 წელს - 306,763 ლარი, ხოლო 2017 წლის 12 ივლისის მდგომარეობით - 113,337 ლარი, ასევე 2016 წელს გაცემულ საპრემიო თანხამ 12,425 ლარი შეადგინა. ახლანდელი მდგომარეობით “პარკინგსერვისში”  32 ადამიანია დასაქმებული.

რაც შეეხება ორგანიზაციულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, აღნიშნული ხარჯი - 300,000 ლარი - ძირითადად გაწეულ იქნა საოფისე სარემონტო სამუშაოებისთვის, საოფისე აღჭურვილობისა და ტექნიკის, სერვერის შესაძენად, პროგრამული უზრუნველყოფისთვის და ა.შ. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული ასევე, ფუნქციონირების დასაწყებად, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2015 წელს სწორედ 300,000 ლარი გამოიყო.

შპს “პარკინგსერვისის” მხრიდან  საიჯარო ქირის - 463,415 ლარის არასრულად გადახდა მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევად შეიძლება შეფასდეს, თუმცა ამ დრომდე თვითმმართველობა თავს იკავებს შპს-სთვის სანქციის დაწესებისგან - პირგასამტეხლოს დაკისრებისგან, რასაც მერია იმით განმარტავს, რომ “შპს “პარკინგსერვისი“ წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, მისთვის ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების 2.7. მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება იქნება არარენტაბელური, რაც შეიძლება ხელისშემშლელი გარემოება იყოს შპს “პარკინგსერვისის” საქმიანობის განხორციელებისათვის.” შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის” გაუგებარია, აპირებს თუ არა ქალაქ ქუთაისის მერია შპს “პარკინგსერვისისგან”  2016 წლის დავალიანებად დარჩენილი საიჯარო ქირის მიღებას მომავალში, რა ვადებით ან რა პირობებით, რამდენადაც მხარეებს არ მოუწოდებიათ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობის შესახებ.

დასკვნა და რეკომენდაციები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პოზიციით, შპს “პარკინგსერვისის” მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მნიშვნელოვნად ზარალდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - მუნიციპალიტეტი გათვალისწინებულ ოდენობაზე მცირე შემოსავალს იღებს. ამასთან, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ჩაბარდა პარკინგის მოწესრიგების საკითხი მუნიციპალურ შპს-ს, თან ისე, რომ საამისოდ მუნიციპალიტეტს დამატებით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის (300 000 ლარი) გაღება დასჭირდა.  

ასევე გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა წარუმატებელი აუქციონების შემდეგ შეცვლილი პირობებით ხელახალი აუქციონის გამოცხადება, თუ ქუთაისის მერია თანახმა აღმოჩნდა ამაზე მის მიერვე დაარსებულ შპს “პარგინგსერვისის” შემთხვევაში. ჩვენი აზრით, ეს ცალსახად დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა კერძო კომპანიების მიმართებით.

მიგვაჩნია, რომ გამოვლენილ პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით, აუცილებელია ქუთაისის მერიამ მოსთხოვოს შპს “პარკინგსერვისს” ხელშეკრულების მოთხოვნათა დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს პარკირების პრობლემა მოაგვაროს, თუმცა ამ დრომდე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული მეთოდები შემოსულობების ნაცვლად, ბიუჯეტის დანახარჯებს ზრდის, რაც მიანიშნებს არაეფექტიან მენეჯმენტზე. ამასთან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შპს “პარკინგსერვისის” საქმიანობის აუდიტის ჩატარება, რათა გამოვლინდეს არსებული პრობლემები და გაწეული რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნას.