ENG

სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით, გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა დაუშვებელია

16 ნოემბერი, 2015

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა 2015 წლის 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში გამოთქვეს შეშფოთება სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების გამოხმაურებებზე, რომლებიც „რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მოყვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და კონკრეტულ მოსამართლეზე გამოთქმული შეფასებები, მათ შორის არასამთავრობო სექტორის მხრიდან, განუზომლად დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ დემოკრატიის სხვა ძირითად პრინციპებსა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მდგრადობას.

ამასთან, 2015 წლის 10 ნოემბერს „რუსთავი 2-ის" ეთერში თოქ-შოუ „არჩევანში“ იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ევა გოცორიძემ კიდევ ერთხელ, კრიტიკულად შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და ამ კონტექსტში განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დასაშვებია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციით ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის დასაცავად. ამასთან, თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად მკაცრი სტანდარტები არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ფასდება დაპირისპირებული ინტერესებიდან თუ რომელ სამართლებრივ სიკეთეს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.

გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული საასმართლო პრაქტიკის მოკლე მიმოხილვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმეზე Morice v. France განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება მაღალი სტანდარტით უნდა იქნეს დაცული იმ შემთხვევაში, როცა განცხადებები ეხება თემებს, რომლებზეც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს. განსახილველ შემთხვევაში ასეთად მიიჩნეულ იქნა სასამართლო ხელისუფლების გამართული ფუნქციონირება, თუნდაც საქმე ეხებოდეს მიმდინარე სასამართლო დავას.

ევროპულმა სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოს გამართული ფუნქციონირებაზე თავისთავად არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში იგი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. ამასთან, სასამართლო, როგორც სამართლიანობის დაცვის გარანტორი უნდა სარგებლობდეს საზოგადოების მხრიდან ნდობით, რათა სრულყოფილად განახორციელოს თავისი ფუნქციები. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში, აუცილებელია სასამართლო დაცული იქნეს მძიმე, დაუსაბუთებელი შეტევებისგან, რომლებიც ეჭქვეშ აყენებს საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობას. მითუმეტეს, რომ მოსამართლეს, რომელიც ექცევა კრიტიკის ქვეშ, თავისი პროფესიული მოვალეობებიდან გამომდინარე არ შეუძლია პასუხი გასცეს ამგვარ ბრალდებებს. ამავე დროს, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ არ ჩავთვლით აშკარად დაუსაბუთებელ შეტევებს სასამართლოზე, მოსამართლე შეიძლება დაექვემდებაროს პერსონალურ კრიტიკას.

აღნიშნულ საქმეში ადვოკატების მიერ გაცხადებულ იქნა, რომ კონკრეტული საქმის განხილვის დროს სასამართლოს მიერ სრულად დარღვეული იყო მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპი, შესაბამისად გამოძიებული უნდა ყოფილიყო პროცესის დროს მოსამართლეების მიერ ჩადენილი დარღვევები. ადვოკატებს, აღნიშნული განცხადებების გამო, ფრანგული სასამართლოს მიერ, დაეკისრათ ჯარიმა ცილისწამებისთვის.

ევროპულმა სასამართლომ შეაფასა კონკრეტული საქმის გარემოებები და მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არღვევდა ევროპულ კონვენციას. სასამართლომ განმარტა: მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ გამოთქმული შენიშვნები იყო მკაცრად კრიტიკული, ამგვარი შეფასებები დაშვებული უნდა იყოს, როცა ამის საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. კონსტრუქციული კრიტიკა არათუ საზიანო, არამედ სასარგებლოა სასამართლოს სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ევროპული სასამართლო პრაქტიკით განსხვავებული სტანდარტებით არის დაცული ერთი მხრივ ფაქტებზე, ხოლო მეორე მხრივ, მხოლოდ შეფასებით მსჯელობაზე დაფუძნებული განცხადებები. სასამართლოს განმარტებით, ფაქტების სისწორე შეიძლება დადასტურდეს, განსხვავებით შეფასებითი მსჯელობისგან, რომლის სისწორის გადამოწმებაც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, შეფასებითი მსჯელობის დადასტურების მოთხოვნა თავისთავად დაარღვევდა კონვენციას, თუმცა სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ შეფასებით მსჯელობასაც კი უნდა ჰქონდეს გარკვეული ფაქტობრივი საფუძველები წინააღმდეგ შემთხვევში, რიგ შემთხვევაში იგი გადაჭარბებულად შეიძლება ჩაითვალოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ გამოხატვის თავისუფლების დასაცავად კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, კერძოდ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეფასებითი მსჯელობა (აზრი) დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და შესაბამისად არ შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას.

თემასთან დაკავშირებით ასევე საინტერესოა 2015 წელს ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილება, საქმეზე Marian Maciejewski v Poland, ფაქტობრივი გარემოებები შეეხებოდა მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომლების წინააღმდეგ ჟურნალისტის კრიტიკულ სტატიას, სათაურით „ქურდები მართლმსაჯულების სისტემაში”. ამ კონტექსტში, სტატიაში ავტორი უთითებდა, რომ სახეზე იყო „მაფიის მსგავი მოსამართლე-პროკურორების ასოციაცია”. ცილისწამებისთვის ჟურნალისტს შიდა კანონმდებლობით დაეკისრა ჯარიმა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კი ამ საქმეზე დადგენილ იქნა პოლონეთის სახელმწიფოს მიერ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

გადაწყვეტილებაში ხაზი გაესვა, რომ ევროპული სასამართლო მკაცრი ტესტით შეამოწმებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას იმ შემთხვევებში, როცა სანქცია ხელს უშლის მედიას გააშუქოს დებატები, რომელზეც საჯარო ინტერესი არსებობს. ევროპული სასამართლოს შეფასებით, მედია არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, იმისთვის რათა საზოგადოების მხრიდან გადამოწმდეს თუ რამდენად კეთილსინდისერად ახორციელებენ მოსამართლეები კანონით დადგენილ მათ უმნიშვნელოვანეს უფლებამოსილებებს. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები არის საკითხი, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შესაბამისად ლეგიტიმურია, რომ ამ საკითხების განხილვა ჟურნალისტების და სხვა პირების მიერ ხდებოდეს საჯარო დებატებში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის მიერ გაკეთებული ფრაზები ჩანდა მკაცრი და მწვავე, ამგვარი გაზვიადებული ან თუნდაც მაპროვოცირებელი განცხადებები საჯარო დებატებში დასაშვებია და დაცულია კონვენციის მე-10 მუხლით.

2006 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში ავსტრიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. საქმე შეეხებოდა მოსარჩელეებისთვის სანქციის დაკისრებას სასამართლო გადაწყვეტილების კრიტიკული შეფასების გამო. კერძოდ, სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ოდნავ განსხვავდება შუა საუკუნეების ჯადოქრების პროცესებიგან. ავსტრიის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მოსამართლის და ზოგადად სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად დაშვებული იყო ამგვარი გამოხატვის შეზღუდვა.
ევროპულმა სასამართლომ, ავსტრიული სასამართლოებისგან განსხვავებით, ამ კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლება უპირატესად მიიჩნია, ვიდრე სასამართლოს რეპუტაციის დაცვა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ჟურნალისტს ჰქონდა უფლება ინფორმაცია თუნდაც მაპროვოცირებელი და გაზვიადებული ფორმით გაევრცელებინა.

გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლოს რეპუტაციის დაცვის ინტერესებს შორის ბალანსის შეფასებისას, ევროპულმა სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო ასევე საქმეებში De Haes and Gijsels v. Belgium და Hrico v Slovakia.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული აქვს არაერთი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გამართლებულად იქნა ცნობილი. მაგ: (Barfod v. Denmark; Prager and Oberschlick v. Austria; Lomakin v. Russia; Wingerter v. Germany; Falter Zeitschriften GmbH v. Austria; Klaus Jürgen BÖHM v. Germany ) ზემოაღნიშნული საქმეების ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულიად დაუსაბუთებელი განცხადებების და ბრალდებების ფორმით გამოხატვის თავისუფლება სცდილდებოდა კონვენციით დასაშვებ ზღვარს და უპირისპირდებოდა ისეთ სამართლებრივ სიკეთეს, როგორიც არის სასამართლო სისტემის და მოსამართლის ავტორიტეტის დაცვა. მაგალითად საქმეში Lomakin v. Russia ევროპულმა სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ჟურნალისტისთვის დაკისრებული სანქცია. ჟურნალისტი თავის სტატიაში მოსამართლეს ადანაშაულებდა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონო სარგებლის მიღებაში. ევროპულმა სასამართლომ საქმის კონკრეტული გარემოებების შეფასების შედაგად მიიჩნია, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ფაქტობრივი ინფორმაცია სრულიად დაუსაბუთებელი იყო და წარმოადგენდა პერსონალურ შეტევას მოსამართლეზე, შესაბამისად შეზღუდვა დასაშვები იყო. მსგავსი დასკვნა გააკეთა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Prager and Oberschlick v. Austria. აღნიშნულ საქმეში ჟურნალისტი უთითებდა მოსამართლის მხრიდან კანონის და პროფესიული ეთიკის დარღვევაზე. ევროპულმა სასამართლოს საქმის კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგადად მიიჩნია, რომ ჟურნალისტის ბრალდებები მოსამართლის წინააღმდეგ იყო განსაკუთრებულად მძიმე ხასიათის, შესაბმისად საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე, მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები, ძირს უთხიდა სასამართლოს მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობას.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას შორის, თუ რომელ ინტერესს უნდა მიენიჭოს უპირატესობა უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ზემოთგანხილული სტანდარტების გათვალისწინებით.

ევროპული სასამართლოს ზემოთგანხილული სტანდარტების გამოყენება “რუსთავი 2” საქმეზე:

უდავოა, რომ „რუსთავი 2“ თან დაკავშირებული სამართლებრივი დავა, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. სამართლებრივი საკითხების პარალელურად გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება საქართველოში ყველაზე რეიტინგულ კერძო ტელეკომპანიას, რომელიც გამოირჩევა ხელისუფლებისადმი მკაცრი კრიტიკით. ბოლო წლების განმავლობაში კი ტელევიზიამ რამდენჯერმე დაადანაშაულა მოქმედი ხელისუფლება ტელეარხზე პოლიტიკურ ზეწოლაში.

აღსანიშნავია, რომ საქმის მიმდინარეობის პროცესში მიღებული განჩინებები, რომლებიც შეეხებოდა ჯერ „რუსთავი 2“-ის ხოლო შემდგომში ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონების დაყადაღებას, პროცესუალური და მატერიალური კუთხით დასაბუთებულობის ნაწილში არაერთ კითხვის ნიშანს აჩენდა. ამასთან, საქმის განხილვის მიმდინარეობისას საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აწარმოებდა სისხლის სამართლებრივ დევნას საქმის განხმილველი მოსამართლის დედის წინააღმდეგ. მოცემული ფაქტი დამატებითი საფუძველი გახდა საქმეში პოლიტიკური მოტივების სამტკიცებლად.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 5 ნოემბერს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომელშიც მოსამართლემ, აბსტრაქტულად, რაიმე სახის კონკრეტული შემთხვევისგან დამოუკიდებლად, ზოგადად იმსჯელა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე და დაასკვნა, რომ არსებული მმართველობის პირობებში ტელევიზია ვერ შეასრულებდა მედიის საზოგადოებრივ დანიშნულებას. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ არათუ დასაშვები, არამედ აუცილებელია აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობდეს საჯარო დებატები, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი კონტროლის განხორცილებას მთლიან პროცესზე. ამასთან, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითეული მოქალაქის უფლებაა, მიიღოს ამომწურავი, მათ შორის კრიტიკული, ინფორმაცია სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით. საჯარო დებატებში ასევე გამოხატვის თავისუფლებით დაცულია, იმგვარი განცხადებების გაკეთება, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიმართებით, რომლებიც გაზვიადებული ან თუნდაც პროვოკაციული შინაარსის მატარებელია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის ინტერესი არ უნდა გახდეს გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის საფუძველი.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“