ENG

სახელმწიფო ვალის აღრიცხვის მეთოდოლოგია საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება

01 მაისი, 2017

სახელმწიფო საწარმოებთან და სახელმწიფო ვალის ზრდასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დიდი ხანია ინტერესს იწვევს. სახელმწიფო საწარმოების აღრიცხვიანობაში, მათ ფინანსურ ანგარიშგებაში, საწარმოების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებსა და საწარმოების მართვაში პოლიტიკურ ზეგავლენებზე ბევრი ორგანიზაცია, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ უკვე წერდა. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, მისი სიდიდე, მართვასთან დაკავშირებული საკითხები და ყოველწლიური ზრდის ტემპები საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია.

აღნიშნულ ბლოგში ჩვენ გავაანალიზეთ სახელმწიფო ვალი, მის სიდიდე, მის განმარტებაში და აღრიცხვაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებების ჭრილში.  

როგორც ამ საკითხების კვლევამ გვიჩვენა სახელმწიფო ვალის განმარტება არ შეესაბამება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ სახელმწიფო ვალის განმარტებას. მათი განმარტებით სახელმწიფო ვალი მოიცავს სახელმწიფო საწარმოების საკრედიტო ვალდებულებებს,  რომელიც ვალში გაითვალისწინება როგორც არაცხადი-პირობითი ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება მთავრობის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საწარმო გადახდისუუნარო იქნება ან მოხდება მისი დეფოლტი, მაშინ სახელმწიფოს მათი დაფარვა თავად მოუწევს. სახელმწიფო საწარმოების ვალები საქართველოს სახელმწიფო ვალში გათვალისწინებული არ არის. თუ სახელმწიფო საწარმოების ვალების გარეშე სახელმწიფო ვალი მშპ-ს 42%-ია, საწარმოების ვალების გათვალისწინებით აღნიშნული მაჩვენებლი უკვე 54%-ია, რაც სახელმწიფო ვალის ინდიკატორების ზოგიერთ კრიტიკულ ზღვარს უკვე მიღმაა.

სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო საწარმოების ვალების დაფარვის რისკი კიდევ უფრო მეტად იზრდება,  მაშინ როცა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით უამრავი კითხვები და პრობლემებია, როგორიცაა: 65 სახელმწიფო საწარმოდან 38% რისკიანია, რომელთა სასესხო ვალდებულებებიც მშპ-ს 9%-ია; ნახევარზე მეტ საწარმოზე ფინანსური ინფორმაციის მოძიება ვერ ხერხდება; კანონმდებლობა არ ადგენს სახელმწიფო საწარმოების დაარსების კრიტერიუმებს და მიზნებს; არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთიანი სისტემა და სხვა.   

შედეგად, თუ სახელმწიფო ვალის განმარტებაში სახელმწიფო საწარმოების ვალებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ სახელმწიფო ვალის ინდიკატორები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ამან კი გარკვეულწილად შეიძლება შეამციროს კრედიტორების მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილი სესხების ოდენობა. ეს ფაქტორი კი შეიძლება მთავარ მიზეზად განვიხილოთ იმისა, თუ  რატომაც არ სურს მთავრობას სახელმწიფო საწარმოების ვალების სახელმწიფო ვალში გათვალისწინება.