ENG

როგორი იქნება საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის ახალი წესი

13 აგვისტო, 2014

საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის საკითხი უკვე წლებია, რაც აქტუალურია. საზოგადოების მხრიდან სამართლიან კრიტიკას იწვევს ამა თუ იმ საჯარო მოხელის მიერ არაადეკვატურად მაღალი პრემიის აღების უამრავი ფაქტი. ამ საკითხის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ არაერთხელ წერდა. ყველა თანხმდებოდა, რომ პრემიის გაცემის წესის ერთიანი სტანდარტების შემუშავება იყო აუცილებელი.

ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო მთავრობის მიერ 15 ივლისს მიღებული დადგენილება „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პირის თანამდებობრივ სარგოს, ხოლო მისი გაცემა მხოლოდ კვარტალში ერთხელ იქნება შესაძლებელი. პრემიის გაცემის საფუძველი კი შეიძლება გახდეს უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულება, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახური, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულება. პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ზემდგომი თანამდებობის პირი.

მთავრობის ზემოხსენებული დადგენილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამინისტროებზე, სახელმწიფო მინისტრების აპარატებზე, მთავრობის ადმინისტრაციაზე, გუბერნატორებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე და სხვა მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებზე.

ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები

დადგენილების მიღებიდან რამდენიმე დღეში, 29 ივლისს, საპარლამენტო ფრაქციამ „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები” დაარეგისტრირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ეხება პრემიების გაცემის ახლებურად დარეგულირებას. ინიციატივა სამი კანონპროექტისგან შედგება და ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ”, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონებში და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებების შეტანას. ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა საინტერესოა თუ რა ახალ რეგულაციებს გვთავაზობს იგი.

თანამდებობის პირთა წრე

მთავრობის დადგენილებისგან განსხვავებით, კანონპროექტი ადგენს საჯარო მოხელეთა ჩამონათვალს, რომელებსაც სრულიად ეკრძალებათ პრემიის აღება. ესენია:

  • სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, კერძოდ:

    • საქართველოს პრეზიდენტი;

    • საქართველოს პარლამენტის წევრი;

    • საქართველოს პრემიერმინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი;

    • აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

    • ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები;

  • ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები;

  • ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოს წევრები;

  • თვითმმართველი ქალაქების მერები;

  • მუნიციპალიტეტის გამგებლები;

  • ასევე საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების შესაბამისად არჩეულ, დანიშნულ ან დამტკიცებულ თანამდებობის პირები, მაგ:

    • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

    • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;

    • ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები

    • და სხვა.

ანუ, ფაქტობრივად, საჯარო სამსახურში არსებულ ყველა მაღალი თანამდებობის პირს იმპერატიულად ეკრძალება პრემიის აღება.

პრემიის გაცემის საფუძვლები, სიხშირე და ოდენობა

სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს, საჯარო მოხელეზე, ზემოთ ჩამოთვლილ თანამდებობის პირების გარდა, გასცეს პრემია. მთავრობის 15 ივლისის დადგენილებისგან მცირედ განსხვავებულია პრემიის გაცემის საფუძვლები, ესენია:

  • ზეგანაკვეთური მუშაობა;

  • სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულება;

  • განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციურ დატვირთვა;

  • არასამუშაო საათებში დიდი მოცულობის დავალების შესრულება;

  • ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახური;

  • განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულება.

პრემია შესაძლოა გაიცეს ერთი ან მეტი ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში. დაწესებულების ხელმძღვანელს, შეუძლია კვარტალში ერთხელ გასცეს პრემია პრემირებაზე წარმდგენი პირის მიერ სათანადო დასაბუთების საფუძველზე, ხოლო მიღებული პრემია არ უნდა აღემატებოდეს მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობას.

როგორც ვხედავთ, ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები გამორიცხავს პრემიის გაცემას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მიუხედავად იმისა განსაკუთრებული სირთულის დავალების ან არასამუშაო საათებში დიდი მოცულობის დავალების შეასრულებს თუ არა.  ასეთი თანამდებობის პირები ხშირად სახელფასო დანამატს იღებენ, როგორც ჩანს, მათი პრემირება ამიტომ გახდა მიუღებელი კანონპოექტის ავტორისთვის.  

ამასთანავე, კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ იგი შეზღუდვებს აწესებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების საჯარო მოსამსახურეებზეც, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, რადგან აქამდე მათ მიმართ არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებდა და სამწუხაროდ არსებობდა ამ უფლების არამიზნობრივად გამოყენების მაგალითებიც. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით პრემიის ზედა ზღვარი ხელფასის ორმაგი ოდენობაა, განსხვავებით მთავრობის დადგენილებისგან, სადაც ეს მაჩვენებელი ხელფასის ერთმაგ ოდენობას შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრემიის აღების შესაძლებლობა მხოლოდ საშუალო ან დაბალი რანგის საჯარო მოსამსახურეებს რჩებათ, ხელფასის ორმაგი ოდენობა გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს.

ჩვენი საერთო შეფასება

პრემიების გაცემის წესის, ფარგლების და ოდენობის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა ამ ეტაპზე უდავოდ მისასალმებელი პროცესია. სწორედ კანონმდებლობაში არსებული ვაკუუმი უწყობდა ხელს პრემირების მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას და მისი არსის დამახინჯებას, თუმცა, ჩვენი აზრით, ცვლილებებს უნდა მოყვეს ხელფასების ზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიკლებს საჯარო სამსახურის კონკურენტუნარიანობა და შესაძლოა კვალიფიციური კადრების გადინებაც მოხდეს.

ასევე, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ პრემიების გაცემის რეგულაციები და შეზღუდვები სახელმწიფოს 100%-იანი წილით შექმნილ საწარმოებზეც უნდა გავრცელდეს. რადგანაც მათ არ ეხება არც მთავრობის დადგენილება და არც ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ უწყებებში ეს გარემოება კვლავ ბოროტად იქნეს გამოყენებული.

ვიმედოვნებთ, რომ საჯარო სამსახურის რეფორმასთან ერთად პრემიების გაცემის აღნიშნული წესი უფრო დაიხვეწება კონკრეტული გამოწვევების შესაბამისად.

Author: გიგი ჩიხლაძე