ENG

იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა

22 დეკემბერი, 2017

ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ ორგანოებში გამოწვევად რჩება საქართველოსთვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ   ინფორმაციას იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ. 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესაბამისად, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა - თუ თვითმმართველობის წინა არჩევნების შედეგად დასახელებულ სამ რეგიონში ქალებმა მანდატების 9.9% მოიპოვეს, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამ მაჩვენებელმა 12.7%-ს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ წინა მოწვევის საკრებულოებთან შედარებით,  სამივე გამოკვლეული რეგიონის 28 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა თითქმის 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

მნიშნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგან  პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართვის ხელშეწყობის მიზნით.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ქალთა ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა იმერეთშია - რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოების 379 მანდატიდან ქალებმა 58 (15.3%) მიიღეს, შემდეგი სამეგრელო-ზემო სვანეთია, სადაც 10 საკრებულოს 301 მანდატიდან ქალებმა 38 (12.6%) აიღეს. 2014 წლის მონაცემების მსგავსად, ქალთა ყველაზე დაბალი წარმომადგენლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაშია - 6 საკრებულოს 164 წევრს შორის მხოლოდ 17-ია ქალი (10.3%).

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აჭარა ერთადერთია გამოკვლეულ რეგიონებს შორის, სადაც საკრებულოებში მაჟორიტარული წესით არჩეული ქალების რიცხვი შემცირდა - 2014 წელს საკრებულოებში 5 მაჟორიტარი ქალი იყო, 2017 წლის არჩევნების შედეგებით კი ეს რიცხვი 3-მდე შემცირდა. იმერეთი ამ მხრივაც ლიდერობს - 2014 წელს იმერეთში 17 ქალი აირჩიეს მაჟორიტარად საკრებულოებში, წელს კი -  21. ქალი მაჟორიტარების რიცხვი, წინა მოწვევის საკრებულოებთან შედარებით, 8-დან 11-მდე გაიზარდა სამეგრელოში.

სამივე რეგიონში გაიზარდა პროპორციული სიით არჩეული ქალების რიცხვი: იმერეთში - 26-დან 37-მდე, აჭარაში 8-დან 14-მდე, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22-დან 27-მდე.

შესწავლილი 28 მუნიციპალიტეტიდან ქალთა ყველაზე დიდი წარმომადგენლობაა ხარაგაულში (9 - მათ შორის 4 მაჟორიტარია), შემდეგ სენაკის და წალენჯიხის საკრებულოებია (8-8 ქალი წევრით), 7 ქალი წევრი ჰყავს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ქედისა და აბაშის საკრებულოებში კი ქალებმა ყველაზე ნაკლები (1-1) მანდატები მიიღეს.

დიაგრამა 1. 2014-2017 წლებში საკრებულოებში (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი,  აჭარა) ქალთა წარმომადგენლობის შესახებ.

იმერეთი

იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, 2014 წელთან შედარებით, ქალები მეტად არიან წარმოდგენილები - 2014 წელს ქალებმა საერთო მანდატების 11.6% მოიპოვეს, 2017 წლის არჩევნების შედეგებით კი ეს მაჩვენებელი 15.3%-მდე გაიზარდა. ზრდის ტენდენციაა როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით არჩეული ქალი დეპუტატების კუთხით. ყველაზე მეტი საკრებულოს წევრი ქალი ამჯერადაც ხარაგაულში აირჩიეს - 35 მანდატიდან 9 ქალმა მოიპოვა. 2014 წელთან შედარებით, ხონის საკრებულოში  ქალთა წარმომადგენლობა 3.5-ჯერ გაიზარდა - 28 წევრიდან ხონის საკრებულოში 7 ქალია, თერჯოლისა და საჩხერის ახალი მოწვევის საკრებულოებში კი, 2014 წლის არჩევნების შედეგებთან შედარებით,  ქალთა რაოდენობა შემცირდა.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში,  ქალები მეტად არიან წარმოდგენილები, 2014 წელთან შედარებით. საკრებულოს წევრებთაგან, ქალთა წარმომადგენლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ სენაკის (25%) და წალენჯიხის (26.6%) საკრებულოებს - ორივე საკრებულოში 8/8 ქალია წარმოდგენილი. წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით ქალთა წარმომადგენლობის ყველაზე დიდი ზრდა (16%) ფოთის საკრებულოშია.  ქალი წევრების რაოდენობა არ შეცვლილა მესტიის და ჩხოროწყუს საკრებულოებში, სხვაგან კი გაიზარდა. მხოლოდ ერთი ქალი წევრია აბაშის საკრებულოში, აბაშა ასევე ერთადერთია, სადაც საკრებულოში ქალთა წარმომადგენლობა შემცირდა 3.15%-ით.

 

აჭარა

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა, თუმცა ის სხვა რეგიონებს ამ კუთხით მაინც ჩამორჩება. მუნიციპალიტეტებს შორის ქობულეთი ლიდერობს - საკრებულოში 6 ქალი აირჩიეს, ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქედისა, სადაც 2017 წელს მხოლოდ ერთმა ქალმა მიიღო საკრებულოს წევრის მანდატი. ასევე ქედას, შუახევს და ხულოს საერთოდ არ ჰყავს ქალი მაჟორიტარი წევრი.