სამეგრელოს მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა და პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების მონაწილეობა კომერციულ საქმიანობაში

Print this pagePrint this pageSend
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

 

 

”საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირთა სიას, რომლებიც ვალდებულნი არიან თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია.

 

დეკლარაციის წარუდგენლობა ან/და არასრულად შევსება, მათ შორის საკუთარი და ოჯახის წევრების ქონებრივი თუ ეკონომიკური ინტერესების არასრულად ასახვა წარმოადგენს კანონდარღვევას და ამავდროულად, შეიცავს კორუფციის საფრთხეებსაც.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ამჯერად სამეგრელოსმუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა, ასევე ამავე რეგიონიდან პარლამენტში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ თანამდებობის პირებზე, რომლებმაც დეკლარაციაში არასრულად წარადგინეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა ქონებისა და კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.

 

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად რამდენიმე გარემოება იქნა გამოკვეთილი:

  • თანამდებობის პირთა ნაწილი კვლავ არასრულად ავასებს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას;

  • თანამდებობის პირები გარკვეულ შემთხვევაში დეკლარაციაში არ უთითებენ ინფორმაციას საკუთარი ან/და ოჯახის წევრის კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ;

  • კვლევაში წარმოდგენილი რვა თანამდებობის პირიდან შვიდს არ აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის მონაწილეობა კომერციულ საქმიანობაში;

  • საქართველოს პარლამენტის წევრის, ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას დეკლარაციაში სავარაუდო უზუსტობაა.

ირაკლი ხახუბია - პარლამენტის წევრი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი

ირაკლი ხახუბიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 31 დეკემბერს წარდგენილ დეკლარაციაში  სრულად არ აქვს ასახული საკუთარი ბიზნესინტერესები, კერძოდ:

  • იგი არის შპს “აისბერგი 2” (ს/კ 215127725) 25% წილის მფლობელი. აღნიშნული წილის მმართველი ამჟამად არის არის ირაკლი ვეკუა (ს/კ - 42001002848) - შპს “აისბერგი 2” ფლობს შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიას (ლიცენზიის ნომერი - 1000007 და 1000011);

  • ირაკლი ხახუბია ფლობს 18%-იან წილს შპს “Geo Capital Management”-ში (ს/კ - 401952428), რაც მას ასევე არ აქვს დეკლარირებული. შპს “Geo Capital Management”-ის წესდებაში საქმიანობის კონკრეტული სფერო არ აქვს მითითებული;

  • ირაკლი ხახუბიას დეკლარაციაში ასევე არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “Gcm Service-ის” (ს/კ - 401952437) 18%-იანი წილის მფლობელი, რომლის წესდებაშის საქმიანობის კონკრეტული სფერო არ აქვს მითითებული;

  • ირაკლული კაკულია ასევე აქვს დეკლარირებული, რომ იგი არის შპს “betwin” -ის (ს/კ -415085277) 30%-იანი წილის მფლობელი, აღნიშნული შპს საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და იგი მოიცავს საბაჟო საბროკერო მომსახურებას, ტვირთების დეკლარირებას, სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, საექსპედიციო საქმიანობას, ტრანსპორტის ყველა სახეობით მომსახურებას, ტვირთების გადაზიდვას, ინერტული მასალების მოპოვებას და ა.შ.

  • ირაკლი ხახუბიას წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს: შპს “Geo Capital Management”, შპს “Gcm Service-ის” და შპს “betwin” -ის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ირაკლი ხახუბიას დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ  სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული აქვს შემოსავალი 150,000 ლარის ოდენობით, საწარმოს სახელწოდებაში კი “ირაკლი ხახუბია” არის მითითებული, თუმცა ამ დასახელებით საჯარო რეესტრის მონაცემებში რაიმე საწარმო არ იძებნება. სავარაუდოდ, თანამდებობის პირმა ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს შეცდომა დაუშვა და საჯარო სამსახურის ბიუროს აღნიშნული მონაცემები სათანადოდ არ გადაუმოწმებია.

ედიშერ თოლორაია - პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი

ედიშერ თოლორაიას, რომელიც 2016 წლის მარტში ბოლო დეკლარაციის შევსებისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა, არ აქვს მითითებული, რომ მისი ოჯახის წევრები ფლობენ შემდეგ ბიზნესწილებს:

  • მეუღლე - მაკა ღურწკაია 2011 წლიდან არის შპს “თბილი კერა 2011-ის” (ს/კ - 419983389) 100% წილის მფლობელი, შპს “თბილი კერა 2011” წესდების მიხდევით შემდეგ სფეროებში საქმიანობს: ვაჭრობა, მომსახურება, წარმოება, სოფლის მეურნეობა, მშენებელობა და.ა.შ.;

  • მისი და ეკატერინე თოლორაია  კი შპს “ორთეს” (ს/კ - 419983799) 50%-იანი წილის მფლობელი, შპს “ორთეს” საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შემდეგი სფერო წარმოადგენს: მარკეტინგი, საცალო და საბითუმო ვაჭრომა, საქონლის ექსპორტი და მპორტი, სოფლის მრეუნეობა, კვების მრეწველობა, პოლიგრაფია და ა.შ.

  • შპს “თბილი კერა 2011-ს” და შპს “ორთეს” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ლაშა გოგია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი

ლაშა გოგიას 2016 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს მედჰაუსის 100% წილის მფლობელი, თუმცა ამავე დროს არ აქვს დეკლარირებული, რომ მამამისი ალმერ გოგია აღნიშნული შპს-ს დირექტორია (ს/კ - 419984057). შპს “მედჰაუსს” საქმიანობის კონკრეტული სფერო არ აქვს განსაზღვრული, შპს-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ აქვს მიღებული;

გია კუცია - აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე

გია კუციას 2016 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ნინო ფხაკაძე არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “დაგმარა ცანავა ხელოსანი 95” -ის (ს/კ - 222430876) ერთ-ერთი დამფუძნებელი, “დაგმარა ცანავა ხელოსანი 95”-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

გიორგი გოროზია - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე

გიორგი გოროზიამ 2016 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “G.P.G”-ს (ს/კ - 435428315) 100% წილის მფლობელი,  შპს “G.P.G”-ს საქმიანობის სფეროს ფართო პროფილის კომერციული საქმიანობა, ექსპორტი და იმპორტი წარმოადგენს. აღნიშნულ შპს-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.

ირაკლი კაკულია - ფოთის მერი

ირაკლი კაკულიას 2016 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რომ მამამისი გურამ კაკულია ფლობს 785 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს (ს/კ - 04.02.09.179) და ამ მიწაზე მდებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობას, გურამ კაკულია ასევე ფლობს 601 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (ს/კ - 04.01.16.107), ფოთში, მდინარე რიონის ნაბადას კალაპოტის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ.

სევერიანე შენგელია - ქალაქ ფოთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე

სევერიანე შენგელიამ დეკლარაცია 2016 წლის სექტემბერში შეავსო, სადაც მითითებული აქვს, რომ იგი არის „ჯი ეს მაგდუსის” (ს/კ 415080977) დამფუძნებელი, თუმცა არ აქვს დეკლარირებული, რომ იგი ამავე დროს არის შპს ჯი ეს(ს/კ 415083787) 100% წილის მფლობელი და დირექტორიც, რაც წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას. შპს “ჯი ეს”-ის საქმიანობის მიმართულებებს სატრანსპორტო და სავაჭრო მომსახურება წარმოადგენს.

თემურ ღვინჯილია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარე

თემურ ღვინჯილიას, რომელმაც ბოლო დეკლარაცია 2016 წლის სექტემბერში შეავსო, არ აქვს დეკლარირებული, რომ იგი არის შპს “შე-ლი”-ს (ს/კ - 442728274) 30% წილისა და შპს “წალენჯიხის საგზაოს” (ს/კ - 442728522) 20% წილის მფლობელია. ეს ინფორმაცია თემურ ღვინჯილიას შეტანილი ჰქონდა 2014 და 2015 წლებში შევსებულ დეკლარაციებში. ორივე შპს-ს საქმიანობის შემდეგი სფეროები აქვს განსაზღვრვული: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ვაჭრობა, საავტომობილო გზების მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ა.შ.

თემურ ღვინჯილიას წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლის შემდგომ არ გაუმარჯვნიათ, მანამდე არსებულ შესყიდვებზე კი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში.

თანამდებობის პირთა  მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ. ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს.

გარდა ამისა, კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობა ადეკვატურ სანქციებს უნდა ითვალისწინებდეს. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კანონის აშკარა დარღვევა, ქართული კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს არ ითვალისწინებს. არც საჯარო სამსახურის ბიუროს და არც რომელიმე სხვა უწყებას არ ევალება თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, შესწორება ან სანქციების დაკისრება. ჩვენ ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და არსებული სამართლებრივი ხარვეზები კი დაუყოვნებლივ გამოსწორებას საჭიროებს.