სამართლებრივი დახმარების ცენტრი (ALAC)
სამართლებრივი დახმარების ცენტრი (ALAC) მოქალაქეებს ეხმარება კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში. ცენტრის მიზანია:
- მიაწოდოს მოქალაქეებს ინფორმაციო კორუფციასთან ბრძოლის მეთოდებზე;
- უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია მოქალაქეებსა და იმ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რომელთა მოვალეობაა კორუფციასთან ბრძოლა;
- დაადგინოს ის სექტორები, სადაც უფრო მეტად არის გავრცელებული კორუფცია;
- გამოააშკარაოს და გადაჭრას საკანონმდებლო და სხვა სახის სისტემური დარღვევები, რომლებიც ხელს უწყობენ კორუფციის სტიმულირებას.
უფასო ცხელი ხაზი საშუალებას აძლევს მოსახლეობას აცნობოს ცენტრს კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი სამართლებრივი დახმარების ცენტრი დაამუშავებს, გააანალიზებს და გამოარკვევს:
- იმ სექტორებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და რეგიონებს, საიდანაც კორუფციასთან დაკავშირებული საჩივრები უფრო ხშირად შემოდის;
- იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც მოქალაქეთა საჩივრებზე სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებენ, ისევე როგორც იმ სტრუქტურებს, რომლებიც დაგვიანებით ან საერთოდ არ რეაგირენბენ მოქალაქეებისგან შემოსულ საჩივრებზე.
მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სამართლებრივი დახმარების ცენტრი შეიმუშავებს საკანონმდებლო რეკომენდაციებს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის. იმ შემთხვევაში, როდესაც მთავრობა, ან მისი რომელიმე სტრუქტურული ნაწილი მზად იქნება თანამშრომლობისათვის, რათა სიტუაცია გამოსწორდეს, სამართლებრივი დახმარების ცენტრი შეხვდება და სამთავრობო წრეებს მიაწვდის შემუშავებულ რეკომენდაციებს. იმ შემთხვევაში, როდესაც სტრუქტურები ნაკლებად გახსნილნი იქნებიან თანამშრომლობისთვის, სამართლებრივი დახმარების ცენტრი პრობლემის საჯაროდ გამოტანით ეცდება მის მოგვარებას. თუ კორუფციის შემთხვევები ადეკვატურად არ იქნება მოგვარებული ან გამოძიებული სრულად, ცენტრმა შეიძლება კლიენტები დააკავშიროს გამომძიებელ ჟურნალისტებთან. შედეგად კორუფციის შემთხვევა და შესამაბისი ორგანოების არაეფექტური ქმედებები საჯარო გახდება, რაც არ შედის `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტის ფარგლებში.
პროექტის ძლიერი მხარე არის ის, რომ ეს საკითხები არ იქნება დაფუძნებული მხოლოდ ექსპერტების კვლევებსა თუ შეხედულებებზე. პროექტი შესაძლებელს გახდის გამოააშკარაოს ის სფეროები და საკითხები, რომლებსაც მოქალაქეები თვლიან პრობლემატურად.
სამართლებრივი დახმარების ცენტრის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში შემოვიდა 100-მდე ზარი, დაინტერესებული მოქალაქეები თავადაც მოდიონდენ საკონსულტაციო ცენტრში. წარმოებაში მიეცა 22 საქმე. ცხელ ხაზზე შემოსული ზარების 31%-ის შემთხვევაში დაინიშნა შეხვედრა დამატებითი კონსულტაციისათვის. საჩივრების უმეტესობა სასამართლო სექტორში კორუფციასა და საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს ააშკარავებს.
